საკონსტიტუციო სასამართლო

ბუკიკიო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი და ეფექტურია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარეობა სამი წლით გადაიბარა. ვენაში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVI კონგრესზე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი და ეფექტურია". ბუკიკიომ ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო კონგრესი ბათუმში ჩატარდება.

"ვენეციის კომისია ძალიან ამაყია კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარებით ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ. დღიდან თავისი დაფუძნებისა, 1990-იანი წლების დასაწყისში, ვენეციის კომისიის უპირველეს მიზანს წარმოადგენდა დახმარება აღმოგვეჩინა ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისთვის მათი კონსტიტუციის კონტროლის განხორციელებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური მართლმსაჯულების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ კარგი კონსტიტუციის ქონა საკმარისი არაა. საჭიროა, აგრეთვე კონსტიტუციური კონტროლის ორგანოს არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის იმპლემენტაციას. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებთან, რათა უზრუნველყოთ კონსტიტუციური მართლმსაჯულება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, რაც ვენეციის კომისიისთვის ძალზედ საამაყოა", - აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით.

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გერჰარტ ჰოლცინგმა კი, ქართველ კოლეგებს წარმატებები უსურვა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარეობის სამწლიანი ვადის აღსრულების პერიოდში.

"სიამოვნებით ვაცხადებ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მომდევნო კონფერენციის თავმჯდომარე", - თქვა ჰოლცინგმა.

2014 წლიდან საქართველო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო ხდება, ხოლო კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიკავებს. 

კონგრესი 1971 წელს დაარსდა და იგი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს აერთიანებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, 2014-2017 წლების განმავლობაში, ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ ყველა მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის გადაწყვეტილება 2012 წელს კენჭისყრის საფუძველზე მიიღეს. კონგრესში მონაწილე 40 ევროპული ქვეყნიდან საქართველოს კანდიდატურას 39-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთი არ დაეთანხმა.

კომენტარები