ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ლორთქიფანიძე: ჩემი პრიორიტეტი არის ადამიანი, ჩემი პრიორიტეტი არის ოჯახი

radiotavisupleba.ge

კოალიცია ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ვერის ბაღში, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ უკანონო პრივატიზაციების რევიზიას დაჰპირდა.

კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან საუბრისას ძირითადად გამოიკვეთა ვერის უბნის მცხოვრებთა უკმაყოფილება ვერის ბაღში მდებარე სტადიონთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში ვერელები სარგებლობდნენ იმ სტადიონით, რომელიც ახლა კერძო მფლობელის საკუთრებაშია. დიმიტრი ლორთქიფანიძე მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

”ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ჩავატარებ სამართლებრივ რევიზიას ყველა იმ პრივატიზაციასთან დაკავშირებით, რომლიდან გამომდინარეც ქალაქის საკუთრება კერძო მფლობელების ხელში აღმოჩნდა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, სამართლიანად აღდგეს ის პროცესი, რომელიც თავის დროზე უკანონო პრივატიზაციებთან იყო დაკავშირებული და რომლის გამოც ერთადერთი დაზარალებული ჩვენი ქალაქი და მოსახლეობაა", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის თქმით, კოალიცია-ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანი და ოჯახი.

”ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა. ეს გულისხმობს იმ საცხოვრისების მიმართ დამოკიდებულებას, რომელიც ბედის ანაბარა არის მიტოვებული. სამწუხაროდ, ნახევარი თბილისი ავარიულ სახლებში ცხოვრობს, მათი რეკონსტრუქცია, კეთილმოწყობა, რესტავრაცია იქნება ჩემი მთავარი პრიორიტეტი. ასევე სოციალური პოლიტიკის გატარებიდან გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტია მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების, უსახლკაროების, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს დაზარალებულთა, დევნილთა, იპოთეკით დაზარალებულთა მხარდაჭერა. ეს ყველაფერი გამოხატული მაქვს ორი სიტყვით: ჩემი პრიორიტეტი არის ადამიანი, ჩემი პრიორიტეტი არის ოჯახი", - თქვა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები