ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

იქნება თუ არა ენმ-ის საარჩევნო ნომერი “5”, 16 მაისამდე გახდება ცნობილი

ცესკო

ცენტრალური სააარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განმარტებით, იქნება თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი “5”, ამის შესახებ 16 მაისამდე გახდება ცნობილი. მისი თქმით, საარჩევნო ნომერთან დაკავშირებულ საკითხზე ცესკო არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა იმსჯელებს.

“რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი არ განეკუთვნება ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. ცესკო-ს თავმჯდომარის წერილში, რომელიც გაიგზავნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელზე, მითითებულია საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-8 მუხლი, სადაც წერია, რომ საკრებულოს არჩევნებისთვის თუ ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. ვინაიდან ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობაში ერთი პარტია აკმაყოფილებს ამ პირობას, მეორე - არა, ასეთ შემთხვევაში, ამ საკითხს გადაწყვეტს ცესკო არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, რომელიც საარჩევნო გრაფიკის მიხედვით 16 მაისია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მსგავსი ჩანაწერის გამო, რომელიც საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მეოთხე პუნქტშია აღნიშნული, რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი გადაწყვიტა ცესკო-მ”, - განაცხადა ეკა აზარაშვილმა. მან არ დააკონკრეტა, როგორ მოხდება საარჩევნო ნომრის მინიჭება - წილისყრით, თუ ცესკო-ს წევრები რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ენმ და ქრისტიან კონსერვატიული პარტია, წერილობით მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო. ნაციონალური მოძრაობა ცესკო-ს უარის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები