საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ ხურვალეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, საქმის კურსში არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები და შვეიცარიის საელჩო.
"ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ე.წ ცხელი ხაზი. მისი მეშვეობით ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება - შსს, ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეებს აქვთ ეს ინფორმაცია. გარდა ამისა, მე შევხვდი შვეიცარიის ელჩს. მოგეხსენებათ, რომ შვეიცარია რუსეთის ინტერესთა სექციას წარმოადგენს, არის თანათავმჯდომარე ეუთოს მხრიდან და ისინიც საქმის კურსში არიან. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილება მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით" - თქვა ზალკალიანმა.
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან სამი ქალი გაიტაცეს. ე.წ მესაზღვრეებმა რუსუდან ხუროშვილი, ლალი ხუროშვილი და ზეინაბ ხარხელი საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. გატაცებულების ახლობლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი შეხვდა და აღნიშნა, რომ ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებთან საუბრისას დაკავება დაადასტურა.
შიდა ქართლის გუბერნატორისთვის ჯერჯერობით უცნობია დაკავებულების ადგილსამყოფელი. წინასწარი ინფორმაციით, სამივე ქალბატონი ჯერ არ გადაუყვანიათ ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში და ისინი ხურვალეთთან ახლოს მდებარე რუსულ ბაზაზე, ღდულეთში იმყოფებიან.
“სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ იგივე ქმედებებს და ჩვენი მოქალაქეების დაკავებას საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რომ დაკავებულები უმოკლეს დროში გათავისუფლდნენ”, - განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ქალბატონი ასთმით და ტუბერკულოზით არის დაავადებული და ბოლო თვეების განმავლობაში, მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა. სამივე დაკავებული სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის.





