საოკუპაციო ხაზი

რუდი: აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია ჩორჩანას ტყის სიტუაციაზე

ელიზაბეთ რუდი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას.

რუდის თქმით, აშშ შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენებით და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:

"აშშ კვლავაც ღრმადაა შეშფოთებული გაუარესებად სიტუაციაზე გასული თვეების მანძილზე სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ჩორჩანას ტყის სიტუაციის ჩათვლით, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირველად გადმოწიეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამდენად, მხარს ვუჭერ, გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, ინციდენტების პრევენციისა და პასუხისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩათვლით, რათა გადაწყდეს პრობლემები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გარშემო.

კიდევ ერთხელ გამოვიყენებ შესაძლებლობას, გამოვხატო აშშ-ის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დააბრუნოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე." - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

14 იანვარს ხაშურის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

სუს-ი აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ამ ქმედებას ე.წ ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილავს.

___________________________________________________________________________________

ქართულმა მხარემ ჩორჩანასთან საგუშაგო ბლოკ-პოსტის მშენებლობა 30 აგვისტოს დასრულდა. იმავე დღეს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშალა.

საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა სწორედ საგუშაგოს დაშლა იყო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას.

5 სექტემბერს ოკუპირებულმა რეჟიმმა "სამხრეთ ოსეთის" დროშა 944 მეტრის სიმაღლეზე აღმართა.

11 სექტემბერს საოკუპაციო ძალებმა ოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად საგუშაგოები ააგეს, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში მანამდეც იყო განთავსებული საოკუპაციო ძალების საგუშაგო. ამ ქმედებებით მათ 3 ქართული საგუშაგო მოაქციეს ალყაში.

კომენტარები