კრიზისი უკრაინაში

ტურჩინოვი: ჩვენ უკან არ დავიხევთ ტერორისტული საფრთხის წინაშე

ria.ru

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. თუმცა, ტურჩინოვის თქმით, ქალაქ სლავიანსკზე გუშინდელი იერიშის შემდეგ აქტიური ქმედებები აღარ განუხორციელებიათ. მანვე, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან ჯარების მობილიზაციის გამო აღშფოთება გამოთქვა. 

"ჩვენ უკან არ დავიხევთ ტერორისტული საფრთხის წინაშე. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან თავი დაანებოს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას, შეწყვიტოს შანტაჟი და მუქარა და უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაიყვანოს" - თქვა ალექსანდრ ტურჩინოვმა.

ამასთან, მოსკოვი უკრაინაში სამხედრო იპერაციით იმუქრება. გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, თუ უკრაინაში სიტუაცია გაუარესდა, რუსეთი უფლებას იტოვებს ისარგებლოს ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილებით და უკრაინაში ჯარი შეიყვანოს.

მისი თქმით, რუსეთს უფლება აქვს გაეროს წესდების 51-ე მუხლს დაეყრდნოს და თავი დაიცვას, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა.

რუსეთის ფედერაციის საბჭო აპირებს 29 აპრილს უკრაინის დონეცკის ოლქში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანის საკითხი განიხილოს. საბჭოს წევრების განცხადებით, რუსეთი აპირებს ამ წინადადებით შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მიმართოს.

კომენტარები