პრეზიდენტის უფლებამოსილება

პრეზიდენტი მოქალაქეობის საკითხზე კონტრასიგნაციის წინააღმდეგია

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის საკითხზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები კონტრასიგნაციას არ უნდა ექვემდებარებოდეს. პრეზიდენტი მთავრობის მიერ ინიცირებულ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ შენიშვნებს გამოთქვამს. კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეობის საკითხებს საქართველოს პრეზიდენტი წყვეტს.

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"კანონპროექტის თანახმად კი მოქალაქეობის მინიჭებასა და აღდგენაზე უარის თქმის შესახებ პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები კონტრასიგნაციას არ ექვემდებარება. ხოლო, მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის შესახებ პრეზიდენტის აქტები კონტრასიგნაციას საჭიროებს. ამ ნორმას საფუძვლად 2013 წლის სექტემბერში "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები დაედო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური მიიჩნევს, რომ სექტემბრში მიღებულ ცვლილებებში მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის  შესახებ პრეზიდენტის კონსტიტუციური კომპეტენცია ვიწროდ იყო განმარტებული.

გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს კონტრასიგნაცია არ უნდა სჭირდებოდეს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურს მიაჩნია, რომ მოქალაქეობის მიცემის საკითხი პრეზიდენტის დისკრეციაა და შესაბამისად, კონსტიტუცია უნდა განიმარტოს ისე, რომ მოქალაქეობის საკითხები პრეზიდენტმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს.

როგორც კვერენჩხილაძე ამბობს, პრეზიდენტის საპარლამენტიო მდივანმა პარლამენტს შენიშვნები თითქმის ერთი თვის წინათ გაუგზავნა. „მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუშა და ნაყოფიერი პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი მოსაზრებების და წინადადებების გარკვეული ნაწილი გაზიარებულია. პოზიციების შეჯერება გრძელდება. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არც კი დაწყებულა,“ - აღნიშნავს კვერენჩხილაძე. 

კომენტარები