იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე, შესაძლოა, უნგრეთიდან skype-ით დაკითხონ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე ადეიშვილი დაცვის მხარის ნუსხაშია დასახელებული. ამის შესახებ უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.
”ჩვენ ჩვენს ნუსხაში წარმოვადგინეთ რამოდენიმე ათეული მოწმე, რომელიც დაადასტურებს გიორგი უგულავას არაბრალეულობას, მის უდანაშაულობას. ერთ-ერთი ასეთი მოწმე არის ზურაბ ადეიშვილი. ის სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას ძველი თბილისის განვითარების ფონდის სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით. მოწმის დაკითხვის ფორმებს იცნობს საპროცესო კანონმდებლობა. მოწმის დაკითხვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც უშუალოდ, ასევე დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ეს საკითხები შემდგომ უკვე არსებითი სხდომის განსახილველია. ამაზე მსჯელობა მოხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო მტკიცებულებათა ნუსხას დაამტკიცებს”, - აცხადებს ადვოკატი.
გიგი უგულავას 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას სწორედ ამ საქმეზე შეუჩერა თბილისის საქალაქო სასამართლომ მერის უფლებამოსილება და აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.





