თბილისის ბიუჯეტი

არასამთავრობოები საკრებულოსა და მერიას თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის საკრებულოსა და მერიას თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების განცხადებით, მესამე თვეა, რაც თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება მწვავე დაპირისპირების საგანია. არასამთავრობოების შეფასებით,  საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზად დასახელებული არგუმენტები ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანა ხელოვნურად ხდება. 

მათი განცხადებით, აღნიშნული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა არსებითად მნიშვნელოვანია პირველ რიგში, დედაქალაქის მცხოვრებთა ინტერესებიდან გამომდინარე, რათა არ შეფერხდეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

"ასევე, საგულისხმოა, რომ ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს დათხოვნა და პირდაპირი მმართველობის შემოღება ძალიან სახიფათოა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისათვის, განსაკუთრებით კი, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დედაქალაქში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე ცალსახად ნეგატიურად აისახება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად და იმავდროულად თბილისელებისათვის ხარისხიანი და სათანადო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას საბიუჯეტო საკითხზე კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა არ მოხდეს დედაქალაქში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება. მათ უნდა გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევასა და 2014 წლის 11 მარტამდე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებას" - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, საქართველოს პარლამენტის თანხმობით მთავრობა იღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მერი, ხოლო პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, თუ დედაქალაქის ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება, საკრებულოს შეუწყდება უფლებამოსილება და განხორციელდება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა მანამ, სანამ არ აირჩევა საკრებულოს ახალი შემადგენლობა.

თბილისის ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე მერიამ და საკრებულომ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ტაბულას საკრებულოში განუცხადეს. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები საკრებულოში მერიის წარმომადგენლებთან გუშინ 02:30 საათამდე გრძელდებოდა. შესათანხმებელი დოკუმენტის რეგულაციების ნაწილი დარჩა.

კომენტარები