უკანონო მოსმენები

ბეჟაშვილი: ხელისუფლება დღეს ორჯერ მეტ ადამიანს უსმენს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დღეს ორჯერ მეტ ადამიანს უსმენს. როგორც დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ყველა სასტუმროში სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული. ბეჟაშვილის თქმით, კონტროლი განხორციელებულია სასტუმროების მენეჯერებზეც.

"დღეს სამართალდამცველებმა სრულად აღადგინეს კონტროლი მობილურ ოპერატორებზე. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი იყო, რომ მთელი საჯარო სამსახური დაავალდებულეს მხოლოდ ერთი მობილური ოპერატორით ესარგებლა. ჩვენი ინფორმაციით, შემოტანილია ახალი აპარატურა მოსმენებისთვის და დღეს უკვე ორჯერ მეტ ადამიანს უსმენენ. ასევე, მაქვს ზუსტი ინფორმაცია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა სასტუმროში დამონტაჟებულია სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი პარლამენტს ჯეოსელის საქმის შესწავლას სთხოვს.

„რამდენიმე თვის წინ, ჯეოსელის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები უკანონო მოსმენების წარმოებაზე ზეწოლას ახორციელებენ. ეს პრაქტიკა წარსულშიც იყო და აღშფოთებასაც გამოთქვამდნენ, რომ დღესაც ანალოგიური ვითარებაა. ნაცვლად იმისა, რომ ამ განცხადებას ადეკვატური რეაგირება მოჰყოლოდა სახელმწიფოს მხრიდან, პასუხად მივიღეთ საყოველთაო დუმილი საპარლამენტო უმრავლესობისგან და ხელისუფლებისგან. კანონმდებლობა, რომელიც ზარზეიმით შემოგვთავაზეთ, რომ პირადი მონაცემების დაცვასთან და თვალთვალთან დაკავშირებით, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო, პარლამენტში პრაქტიკულად გაჩერებულია და არანაირი მუშაობა არ მიდის,“- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, 2013 წლის ოქტომბერში კომპანია ერიქსონის წამომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის ამ შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის ტექნოლოგიას იყენებდეს. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო France Press-მა გაავრცელა.

შვედურმა კომპანიამ განაცხადა, რომ ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად კრიმინალების მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და ერიქსონმა ის ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად ქართულ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ ჯეოსელს 2005 წელს მიჰყიდა.

"ტექნოლოგია კრიმინალთან საბრძოლველადაა განკუთვნილი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მას, სავარაუდოდ, სხვა მიზნებისთვის იყენებს",- განაცხადა ერიქსონის წარმომადგენელმა ფრედრიკ ჰალსტანმა. აღნიშნული კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შვედეთის საზოგადოებრივ რადიოში საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ფარული მოსმენებისთვის ერიქსონის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

რადიოს ცნობით, ხელისუფლებას 21,000 მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. მათგან მესამედი სწორედ ჯეოსელის ქსელშია ჩართული.

ჯეოსელის ერთ-ერთი მფლობელის, შვედურ-ფინური სატელეკომუნიკაციო ოპერატორის Teliasonera-ს წარმომადგენლის სალომონ ბეკელეს განცხადებით, საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს მოეთხოვებათ საკუთარ ქსელებში ხელისუფლების წარმომადგენელთა დაშვება.

"ხელისუფლება აწარმოებს ქსელების მონიტორინგს და არც ჩვენ და არც სხვა მობილურმა ოპერატორებმა არ ვიცით, რას უსმენენ და რა ინფორმაციას აგროვებენ ისინი".

ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორის პასი კოისტინენის მიერ შვედეთის რადიოსთვის მიწოდებული ინფორმაციით კი, ფარული მიყურადება საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია: “ეს ჩემთვის მიუღებელია და ვისურვებდი, რომ კანონი შეიცვალოს. მაგრამ თუ თვალთვალი კანონის შესაბამისად ხორციელდება, ჩვენ ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას".

ამასთან, ჯეოსელის განცხადებით, კომპანიამ მთავრობას მიმართა და გახდა კანონის ცვლილების ინიციატორი, რომ მომხდარიყო სასამართლოს დადგენილების გარეშე შესაბამისი სამსახურების მიერ ქსელთან პირდაპირ წვდომის აკრძალვა. ჯეოსელის თქმით, შეიქმნა კომიტეტი, რომელიც მოსმენების შესახებ კანონის ცვლილებაზე მუშაობს.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია ჯეოსელში 2014 წლის 13 თებერვალს შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის #218 მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდებას გულისხმობს.

კომენტარები