ბირთვული იარაღი

მიუნხენზე უარესი

1938 წლის მიუნხენის შეთანხმების განხილვისას, მიუნხენიდან ტრიუმფალურად დაბრუნებულ ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ნევილ ჩემბერლენს, მაშინ აუტსაიდერად მიჩნეულმა კონსერვატორმა პარლამენტარმა, უინსტონ ჩერჩილმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და ღირსების შელახვას შორის, თქვენ აირჩიეთ ღირსების შელახვა და მიიღებთ ომს". ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ჯერ კიდევ ჩემბერლენის პრემიერმინისტრობის პერიოდში: მიუნხენის შეთანხმების ხელმოწერიდან ნახევარი წელი იყო გასული, როცა ნაცისტურმა გერმანიამ მიცემული პირობა დაარღვია და პრაღის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო სულ რაღაც 11 თვის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
2013 წლის 26 ნოემბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა შეთანხმებას მიაღწიეს ირანის რეჟიმთან ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის მომავლის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების დიდი ნაწილის გაუქმებას, რის სანაცვლოდაც ირანს მხოლოდ უმნიშვნელო დათმობებზე უწევს წასვლა, რომლებიც მოლების რეჟიმის ბირთვული განიარაღების გარანტიას არ იძლევიან. ჩერჩილის სიტყვებმა ხელახლა შეიძინეს აქტუალობა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში. ირანი, ქვეყანა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ტერორისტულ ორგანიზაციებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში იარაღით და ფულით ამარაგებს, თითქმის 20 წლის განმავლობაში ბირთვული იარაღის შექმნისაკენ ისწრაფვის და პერიოდულად ისრაელის „პირისაგან მიწისა აღგვით" იმუქრება, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ბირთვულ პოტენციალს ინარჩუნებს, რაც მას რამდენიმე თვის განმავლობაში ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ამ შეთანხმებამ ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის სასარგებლოდ შეცვალა, რამაც მეტოქე ქვეყნებს შესაძლოა საკუთარი ბირთვული პოტენციალის განვითარებისაკენ უბიძგოს. ირანის ნუკლეარიზაცია ისრაელს სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენებს, რის გამოც, არ არის გამორიცხული, ებრაულმა სახელმწიფომ დასავლეთისგან დამოუკიდებლად გამოიყენოს სამხედრო ძალა ირანის წინააღმდეგ. დიდია საშიშროება, რომ ბირთვული იარაღი ან „ბინძური ბომბი" ირანის მიერ დასპონსორებული ტერორისტული ორგანიზაციების ხელში მოხვდეს, ან ირანელმა მეცნიერებმა ვაჭრობა გააჩაღონ თავიანთი ნოუ-ჰაუთი და ტექნოლოგია ტერორისტებს ჩაუგდონ ხელში. ირანის ხელისუფლების მენტალიტეტი ნაკლებად სავარაუდოს ხდის ირანსა და მეტოქე ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ისეთი ტიპის ურთიერთშეკავების მოდუსის ჩამოყალიბებას, როგორიც „ცივი ომის" პერიოდში აშშ-სა და სსრკ-ს შორის არსებობდა.

ირანის ბირთვული პროგრამა

ირანის ბირთვული პროგრამა პირველად 1990-იანი წლების შუა პერიოდში მოექცა საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში. რუსეთის დახმარებით ირანმა ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დაიწყო იმ საბაბით, რომ მის ეკონომიკას ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია სჭირდებოდა. ირანის რეჟიმისთვის ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების არგუმენტი დღემდე რჩება ძალაში, როცა საქმე საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას ეხება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ირანი წარმოადგენს მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ უმსხვილეს მომპოვებელ ქვეყანას.

ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურმა ზეწოლამ ირანის პოტენციურ პარტნიორებზე, ბირთვული პროგრამის შეყოვნება გამოიწვია. 2002 წელს ცნობილი გახდა ირანის მიერ ინდუსტრიული სიმძლავრეების მშენებლობის შესახებ, რომელთა გამოყენება ურანის გამდიდრების (ბირთვული იარაღის წარმოების ერთ-ერთი წინაპირობა) მიზნითაა შესაძლებელი, რის შედეგადაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანის რეაქტორების ინსპექტირების უფლების მოპოვებას მიაღწია. თუმცა ირანი არ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსპექტორებთან სრული მასშტაბით და საიდუმლო ობიექტებს ინარჩუნებს, სადაც დამკვირვებელები არ დაიშვებიან.

მოლაპარაკება ჟენევაში
ატომური ელექტროსადგურების გასამართავად საკმარისია ბუნებრივი ურანის გამდიდრება იზოტოპებით 235 ან 233 20%-მდე. მსუბუქი წყლის რეაქტორებისთვის იყენებენ 5%-მდე გამდიდრებულ ურანს, ხოლო კვლევითი რეაქტორებისთვის – 20%-მდე გამდიდრებულს. როგორც წესი, ბირთვული იარაღის შექმნას მაღალგამდიდრებული ურანი (80% და ზევით) ესაჭიროება, თუმცა „ბინძური ბომბის" დასამზადებლად 20% გამდიდრებული ურანიც შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი. ირანის მიერ ურანის გამდიდრება სულ ცოტა 20%-ით უკვე დადასტურებული ფაქტია, რასაც თავად ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ირანის თანამშრომლობა ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლასა და პალესტინურ ჰამასთან. ორივე დაჯგუფება იღებს იარაღს ირანიდან და ისრაელში ტერორისტულ აქტებს ახორციელებს.

გარდა ამისა, ირანში ბირთვული იარაღის შექმნა სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულმა ოპერაციებმა გააჭიანურა. 2009 წლიდან მოყოლებული მოხდა ბირთვულ იარაღზე მომუშავე ირანელი მეცნიერების მკვლელობის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა, რომლებსაც ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურს, მოსადს მიაწერენ. 2010 წლის ივნისში ირანში აღმოაჩინეს კომპიუტერული ვირუსი სტაქსნეტი, რომელმაც ქვეყნის ბირთვული ინდუსტრია გარკვეული ხნის განმავლობაში სრულიად გამოიყვანა მწყობრიდან.

უნაყოფო მოლაპარაკებებმა და ბირთვული პროგრამის წინსვლამ დასავლეთის ქვეყნებს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისაკენ უბიძგა – ისინი ირანის საბანკო სექტორის და ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იყო მიმართული. 2012 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული, ამ სანქციების გამო ირანის ეკონომიკა მძიმე კრიზისში აღმოჩნდა. დაიწყო ირანული ვალუტის, რიალის გაუფასურება.

იმ პირობებში, როცა სანქციების ეფექტმა საგრძნობლად შეარყია მოლების თეოკრატიული რეჟიმი ირანში, კრიზისულ ვითარებაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ზომიერმა" კანდიდატმა ჰასან რუჰანიმ, რამაც მემარცხენე დასავლელ კომენტატორებს ირანთან მორიგების იმედი გაუჩინა. 26 ნოემბრის შეთანხმებით, ეს იმედი გამართლდა, თუმცა ფასი, რომელსაც დასავლეთი ირანის მხრიდან ხელშეკრულების მოსალოდნელი დარღვევის შემთხვევაში გადაიხდის, ჯერ კიდევ არაა ცნობილი.

ახალი ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში

ირანის ნუკლეარიზაციიდან მომდინარე საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის რეგიონული პოლიტიკით აიხსნება. 1979 წლის „ისლამური რევოლუციიდან" დაწყებული, ირანის საგარეო პოლიტიკას ორი უმთავრესი მიზანი ამოძრავებს: ისლამური რევოლუციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში და ისრაელის განადგურება. ამ მიზნების განხორციელების საქმეში ირანს ჯერჯერობით დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, თუმცა ისლამურმა რევოლუციამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ირანის მეზობელი ქვეყნების შიიტურ მოსახლეობაზე. თითქმის მთელ რეგიონში შიიტები ირანის მეხუთე კოლონად ჩამოყალიბდნენ, რაც საფრთხეს უქმნის არაერთი სახელმწიფოს სტაბილურობას. ამასთანავე, საყურადღებოა ისიც, რომ კონფესიური დაყოფა შიიტებსა და სუნიტებს შორის ირანის ოფიციალურ იდეოლოგიაში არავითარ როლს არ თამაშობს: ირანელი მოლები თავიანთი რევოლუციის ექსპორტს ყველა ისლამურ ქვეყანაში აპირებენ და „დასავლეთის იმპერიული დომინანტობისაგან გათავისუფლების მიზნით ყველა მუსლიმის გაერთიანებას" ქადაგებენ. თუმცაღა, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კონფესიური ხასიათის გამო, ეს რიტორიკა მხოლოდ შიიტებისათვის არის მიმზიდველი.

ერაყში სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ, ამ ქვეყნის მოსახლეობის შიიტურმა უმრავლესობამ ძალაუფლების ხელში აღება შეძლო. ქვეყნის ახალმა, შიიტების მიერ დომინირებულმა მთავრობამ, ორ ქვეყანას შორის არსებული ტერიტორიული დავების მიუხედავად, ირანთან დაახლოების კურსი აიღო და ქვეყანა, ფაქტობრივად, თეირანის სატელიტად აქცია, რაც რეგიონის სუნიტური ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. სირია, რომელსაც ასადის ალავიტური (შიიზმის ერთ-ერთი განშტოება) კლანი მართავს, უკვე 1980-იანი წლებიდან არის ირანის მოკავშირე. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი და ირანის აქტიური ჩართულობა ასადის მხარეს, კიდევ უფრო სახიფათოს ხდის სუნიტურ-შიიტურ რეგიონულ კონფლიქტს და ამ კონტექსტში ირანის ნუკლეარიზაციას.

საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონის ნავთობით მდიდარ სხვა ქვეყნებში შიიტურ უმცირესობებს ირანი რეჟიმების დესტაბილიზებისთვის იყენებს. საუდის არაბეთი ირანის მთავარი გეოპოლიტიკური ოპონენტია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. გეოპოლიტიკური მეტოქეობა გამყარებულია კონფესიური სიძულვილით ირანელ შიიტებსა და საუდის არაბეთის ვაჰაბიტურ (სუნიზმის რადიკალური განშტოება) სამეფო სახლს შორის. ამ დაპირისპირების კონტექსტის გასაგებად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საუდის არაბეთი სტატუსკვოს დამცველად გვევლინება და არსებული სუნიტური რეჟიმების სტაბილურობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული, მაშინ როცა ირანი სტატუსკვოს შეცვლას ცდილობს იმავე სუნიტური რეჟიმების დამხობის გზით. ირანის ბირთვული პროგრამის დე ფაქტო ლეგალიზება საუდის არაბეთს დიდი ალბათობით საკუთარი ბირთვული პოტენციალის განვითარებისაკენ უბიძგებს ირანის დაბალანსების მიზნით, მით უფრო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ობამას პრეზიდენტობის პირობებში საუდის სამეფო სახლისთვის საიმედო მოკავშირედ აღარ ითვლება და „არაბული გაზაფხულით" გამოწვეული მღელვარება რიადის რეჟიმისთვის ძნელად გასათვლელ რისკებს შეიცავს.

ურთიერთშეკავების პოლიტიკის მოსალოდნელი კრახი

ირანის საგარეო პოლიტიკის მეორე მიზანი, ებრაული სახელმწიფოს განადგურება, რეალისტურ კონტურებს იძენს ბირთვული შეთანხმების პირობებში, რადგან ირანელებს მხოლოდ რამდენიმე თვის მუშაობა დასჭირდებათ ურანის გასამდიდრებლად და რაკეტების ბირთვული ქობინებით აღსაჭურად. ისრაელი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკვე ფლობს ბირთვულ იარაღს, რაც ირან-ისრაელის უშუალო ბირთვული კონფრონტაციის საფრთხეს წარმოშობს. ზოგიერთი დასავლელი კომენტატორი ახლო აღმოსავლეთში ისეთივე „ორმხრივი ბირთვული დაშინების" ეფექტს ვარაუდობს, როგორსაც ცივი ომის პერიოდში აშშ-სა და სსრკ-ს შორის ჰქონდა ადგილი, თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ირანის თეოკრატიული რეჟიმის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი საკმაოდ მაღალი იქნება.

ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ
შიიტური რწმენა მესიის, მაჰდის მოსვლის მოლოდინს ეფუძნება. მაჰდის მოსვლას წინ უნდა უძღოდეს აპოკალიპტური მოვლენები, რის შემდეგაც მესია კაცობრიობას საყოველთაო სამართლიანობის დასამყარებლად, ცოდვილთა დასასჯელად და მართალთა დასაჯილდოებლად მოევლინება. არ არის გამორიცხული, რომ შიდაპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, სახალხო მღელვარებამ, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამწვავებამ ან ისრაელის წინააღმდეგ პალესტინის ფრონტზე კონვენციური საშუალებებით წარმოებულ ომში განცდილმა მარცხმა, აიათოლებს ბირთვული იარაღის გამოყენებით მაჰდის მოვლინების დაჩქარებისაკენ უბიძგოს. ირანის ხელმძღვანელობის ირაციონალური აზროვნება აქამდეც არაერთხელ მოექცა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში, მაგალითად, ირანის ყოფილ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადსა და ალი ხამენეის მომხრეებს შორის 2011 წელს „ჯადოების" და „შელოცვის" ბრალდებების თანხლებით წარმოებული სახელისუფლო ბრძოლის პერიოდში.

მოსალოდნელი შედეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის

ირანის ბირთვულ პროგრამას საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებზეც ექნება ეფექტი, გამომდინარე ირანის პოლიტიკიდან კავკასიის რეგიონის მიმართ. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობამ სსრკ-ის დაშლის შემდეგ თეირანის შეშფოთება გამოიწვია, რადგან ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში (ირანის აზერბაიჯანში) 15-20 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ბევრი აზერბაიჯანელი ნაციონალისტი, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი, 1990-იანი წლების დასაწყისში ორი აზერბაიჯანის გაერთიანების სურვილს აცხადებდა. შედეგად, ირანი თავის სტრატეგიულ მიზნად აზერბაიჯანის დასუსტებას თვლიდა და სომხეთ-აზერბაიჯანის ომში სომხეთს უჭერდა მხარს, მიუხედავად ოფიციალურად დეკლარირებული ნეიტრალური და მომრიგებლური პოზიციისა.

სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ კონტექსტში ირანი დღემდე რჩება რუსეთისა და სომხეთის მოკავშირედ, რის გამოც აზერბაიჯანი ირანის უმთავრეს მტერთან, ისრაელთან თანამშრომლობს სამხედრო სფეროში. დასავლეთის ან ისრაელის მხრიდან ირანზე სამხედრო შეტევის განხორციელების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანმა მონაწილეობა მიიღოს ირანის წინააღმდეგ ომში და ირანის აზერბაიჯანზე კონტროლის დამყარებას შეეცადოს, რაც სომხეთს სამხრეთის საზღვარსაც გადაუკეტავს.

ირანის მორიგება დასავლეთის ქვეყნებთან და ბირთვული პროგრამის განახლების შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ბალანსს ირანის სასარგებლოდ ცვლის. შედეგად, დასუსტდება თურქეთისა და აზერბაიჯანის პოზიციები, ხოლო ირანის მოკავშირე რუსეთის და სომხეთის მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდება. საქართველოსთვის ეს ტენდენცია სასარგებლო არ არის, რადგან რუსეთი ახალ გეოპოლიტიკურ ბალანსს საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაზე ხელახალი შეტევისთვის გამოიყენებს.

პოტენციური ბირთვული ქვეყნები

ამ სიტუაციის შემობრუნების ერთი შესაძლო სცენარი არცთუ მიმზიდველად გამოიყურება: არ არის გამორიცხული, ირანის კვალდაკვალ თურქეთმაც სცადოს ბირთვული იარაღის შექმნა. ერდოღანის მთავრობის ძალისხმევით ბოლო ათწლეულში გაუმჯობესებული თურქულ-ირანული ურთიერთობა ისევ დაიძაბა სირიის ომთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. თუკი თურქეთი ირანის ამბიციების საპასუხოდ, ან რომელიმე სხვა რეგიონული მეტოქის (რუსეთი, ისრაელი) გასანეიტრალებლად საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას ჩათვლის საჭიროდ, მაშინ მას ურთიერთობები დასავლეთთანაც გაუფუჭდება – რაც საქართველოს ევროპისკენ მიმავალ ერთადერთ სახმელეთო გზას ჩაუკეტავს.

ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი პოტენციური ბირთვული ქვეყანაა ეგვიპტე. ეგვიპტელებმა ბირთვული იარაღი შესაძლოა არა ირანის, არამედ მეზობელი ისრაელის სამხედრო პოტენციალის განეიტრალების მიზნით შექმნან. ირანის დაუსჯელი ნუკლეარიზაცია ახლო აღმოსავლეთის ყველა პოტენციურ ბირთვულ კანდიდატს აძლევს საფუძველს, უფრო გაბედულად დაიწყოს ფიქრი საკუთარ ბირთვულ იარაღზე. პირველი საგანგაშო სიგნალები უკვე არსებობს: ეგვიპტემ განაახლა თავისი ბირთვული ენერგიის პროგრამა და 2013 წლის 29 აპრილს ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება დატოვა. თურქეთი აგრძელებს ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობას უცხოურ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. ისევე, როგორც ირანის შემთხვევაში, ორივე ქვეყანა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების არგუმენტს უხმობს და საჭირო ტექნოლოგიებს რუსეთისგან იძენს.

გარდა რუსეთისა, ბირთვული იარაღის შექმნის მოსურნე ქვეყნებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა ქვეყნებთანაც, რომლებიც უკვე ფლობენ ბირთვულ იარაღს, მაგალითად, პაკისტანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, ან თუნდაც ცალკეულ ინდივიდებთან. 2004 წელს საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია ინფორმაციამ, რომ პაკისტანის ატომური ბომბის „მამა", აბდულ ყადირ ხანი ირანთან და ლიბიასთან თანამშრომლობდა პაკისტანის მთავრობისგან დაფარულად. მასვე მიუძღვის დიდი წვლილი ჩრდილოეთ კორეის ატომური ტექნოლოგიის განვითარებაში, თუმცა, ამ შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე და პაკისტანის მთავრობის დასტურით.

მოსალოდნელი საფრთხეები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის

ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება კიდევ უფრო გაზრდის მეამბოხეების, ტერორისტული ორგანიზაციების და მსგავსი არასახელმწიფო აქტორების მიერ ასეთივე იარაღის, ან „ბინძური" ბომბის მოპოვების შანსს. გარდა ზემოთ ნახსენები თანამშრომლობისა ირანსა და ახლოაღმოსავლურ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის, თუ მხედველობაში მივიღებთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გავრცელებულ შრომის ეთიკას და კორუფციის მაღალ დონეს, არ არის გამორიცხული, რომ ირანის ბირთვულ მეცნიერთა შორისაც აღმოჩნდნენ აბდულ ყადირ ხანის მსგავსი ინდივიდები, რომლებიც ფინანსური გასამრჯელოს სანაცვლოდ ბირთვულ ტექნოლოგიას სხვებს გადასცემენ.

დასავლეთის მიერ ბირთვული შეთანხმებით ირანისათვის ნაწილობრივი კარტბლანშის მიცემა უშუალო და ყველაზე დიდ საფრთხეს ისრაელს უქმნის, ამიტომ სავარაუდოა, რომ ისრაელი არ დაელოდება მოლების რეჟიმის მიერ ბირთვული ღილაკის მოპოვებას და ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დამოუკიდებლად განახორციელებს. თუმცა წარმატების შემთხვევაშიც კი, ისრაელი მხოლოდ შეაყოვნებს ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელებას. ბირთვული იარაღის საფრთხის მოხსნის ყველაზე საიმედო საშუალება Regim Change-ია, ირანში მოლების თეოკრატიული რეჟიმის შეცვლა ისეთი მთავრობით, რომელიც ბირთვულ პროგრამაზე ხელს აიღებს.

ირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პრინციპის ცხოვრებაში გატარება სულ უფრო და უფრო რთული ხდება ტექნოლოგიის წინსვლასა და ტექნოლოგიის შესახებ ცოდნის გავრცელებასთან ერთად. ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენებაც შეიძლება გახდეს ტრამპლინი ბირთვული იარაღის შექმნისაკენ, ან უბრალოდ თავის გასამართლებელი არგუმენტი, როგორც ამას ირანის შემთხვვევაში აქვს ადგილი. ბირთვული გაუვრცელებლობისა და განიარაღების ერთადერთი ეფექტიანი საშუალება ასეთი იარაღის ფლობის მოსურნე ტოტალიტარული და აგრესიული რეჟიმების მშვიდობიანი და დემოკრატიული პრინციპების ერთგული მთავრობებით შეცვლაა. ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი იზოლაციონიზმის ფონზე, არ ჩანს ძალა, რომელსაც ამ ამოცანის გლობალური მასშტაბით შესრულების უნარი შესწევს.

კომენტარები