უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საგარეო უწყება მათ ურჩევს თავი შეიკავონ ქალაქის იმ ნაწილში გადაადგილებისგან, სადაც დემონსტრაციები მიმდინარეობს.
სამინისტრო ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მიმართავს თხოვნით, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, მაქსიმალურად დაიცვან ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომები.
„ამასთან, გაცნობებთ, რომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიევში, საქართველოს საელჩოში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი: +38 093 919 60 80; +38 093 302 48 48; +38 093 023 27 76“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კიევში შეტაკებების შედეგად, espreso.tv.-ის ინფორმაციით, 4 ადამიანი გარდაიცვალა. ბერკუტი აქციის მონაწილეების მიერ აგებული ბარიკადების დაშლას ჯავშანტექნიკის გამოყენებით ცდილობს. Espresso TV-ის ცნობით, ექიმებს, რომლებიც აქციის მონაწილეებისთვის პირველადი დახმარების გაწევას ცდილობენ, ბერკუტი ფიზიკურად უსწორდება. მათი ინფორმაციით, უკრაინის სპეცრაზმელები დემონსტრანტებს დასდევენ და სადაც ხელში ჩაიგდებენ, ფეხებითა და ხელკეტებით სცემენ. Espresso TV-ის ცნობითვე, დაპირისპირების ეპიცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე, სასტიკად ნაცემი ათობით მოქალაქე უგონო მდგომარეობაში მიწაზე წევს.





