კინო

კინო სილამაზის გარეშე

პაოლო სორენტინოს ფილმში „დიადი სილამაზე" მთავარი პერსონაჟი ჯეპ გამბარდელა მეგობრებს მიმართავს: „ჩვენ ყველანი სასოწარკვეთის ზღვარზე ვართ, მხოლოდ ის დაგვრჩენია, ერთმანეთს სახეში ვუყუროთ, გავამხნეოთ და ცოტა გავიხუმროთ". გამბარდელამ იცის, რომ ყველა ადამიანი დიად სილამაზეს ეძებს. გამბარდელამ ისიც იცის, რომ მისი პოვნა ძალიან რთულია.

დიადი სილამაზე
კინო „დიადი სილამაზეა", რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო რთულად საპოვნელი ხდება. ყოველი ახალი ნამუშევარი უფრო მეტად ჰგავს გამბარდელას და მისი მეგობრების ცარიელ, არაფრისმომცემ საუბრებს, რომელიც ნახვიდან 2 კვირის შემდეგ აღარც გემახსოვრებათ. კინომოყვარულებს ისღა დარჩენიათ, წლიდან წლამდე ერთმანეთი გაამხნეონ, თითებზე ჩამოსათვლელი ფილმებით ისიამოვნონ და იშვიათად, დიადი სილამაზით დატკბნენ.

წლიდან წლამდე სულ უფრო ხშირად ვწერ იმაზე, რომ კინო კრიზისშია. 2013 წელი კი ამ ფრაზის იდეალური დადასტურებაა – ყველგან და ყველაფერში სუსტი იყო. სუსტი ფილმების სეზონი კანის კინოფესტივალმა გახსნა, რომელზეც ბოლო დეკადის მანძილზე ყველაზე სუსტი საკონკურსო ფილმები იყო წარდგენილი. კანი, რომელიც არტ-ჰაუს კინოს მთავარი თავშესაფარია, წელს უსუსურად გამოიყურებოდა, დაახლოებით ისე, როგორც უკვე წლებია ბერლინის და ვენეციის ფესტივალები, რომლებზეც „კანის ნარჩენები" ხვდება ხოლმე. კანის ტრიუმფატორი აბდელატიფ კეშიშის „ადელის ცხოვრება" გახდა ფილმი, რომელიც სხვა წელს, დიდი ალბათობით, ყურადღების მიღმა დარჩებოდა.

კანის კინოფესტივალს ჰოლივუდური ბლოკბასტერსეზონი მოჰყვა, რომელიც ასევე ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე უინტერესო და ერთფეროვანი იყო. „რკინის კაცი 3" ფრენჩაიზის ყველაზე სუსტი ნამუშევარი გახლდათ, მილიარდერი ტონი სტარკის ისტორიის ექშენ სცენები ცუდი გადაღებული იყო, იუმორი ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე წინა დადგმებში, დასასრული სრულიად აბსურდული. ზაკ სნაიდერს სუპერმენისგან ბეტმენის გაკეთება მოუნდა, მაგრამ ეს მხოლოდ ტრეილერში გამოუვიდა, ფილმი კი უბრალოდ იმედისმომცემ ნამუშევრად იქცა. თუმცა კინოკომპანია WB-მა სუპერმენის გაგრძელებაში ბეტმენი ჩართო, რომლის როლიც ბენ აფლეკს მისცა და იმედის ნაპერწკალი თითქმის გააქრო.

გავა წლები და სემ რეიმი ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რომ „ოზის ჯადოქრის" წინაისტორია გადაიღო. პირველი „ადამიანი ობობას" რეჟისორმა კლასიკად ქცეული ფილმის პერსონაჟები და სამყარო, 3D ატრაქციონების იაფფასიან ფილმად აქცია. სემ რეიმიზე ნაკლებად მონდომებული არ იყო გორ ვერბინსკი, რომლის „მარტოხელა რეინჯერიც" 150-წუთიანი ტანჯვაა. ჯონი დეპი ნელ-ნელა სამარცხვინო მსახიობი გახდა, რომელიც უკვე წლებია, ყველა ფილმში ერთსა და იმავე პერსონაჟს, ჯეკ ბეღურას თამაშობს. მხოლოდ გრიმსა და გადასაღებ ლოკაციას იცვლის. ზაფხულის სეზონი ისე დაიწყო და დასრულდა, რომ დასამახსოვრებელი პოპკორნ ფილმი არ გამოსულა. ყველაზე ღირსეული ჯეი ჯეი აბრაამსის „სტარ ტრეკის" გაგრძელება იყო, რომელსაც ნორმალური სიუჟეტი, საინტერესო ვილანი და უპრეტენზიო სიუჟეტი ჰქონდა.

ზაფხულის კინოსეზონის გმირი ჯეიმს უონი გახდა. „ასტრალისა" და „წყევლის" რეჟისორი ერთ წელიწადში საშინელებათა ჟანრის მეფედ იქცა. უონი ერთი შეხედვით არაფერ ახალს არ აკეთებს, მარტივი ფაბულით, კლიშეებით სავსე ჰორორ ფილმებს იღებს, მაგრამ მის ფილმებში არის რაღაც უონისეული ელემენტი, რომელიც ნამუშევრებს მიმზიდველს ხდის. აზიელმა რეჟისორმა ზუსტად იცის, როგორ უნდა შეაშინოს მაყურებელი. ის ჯონ კარპენტერის, ჯორჯ რომეროს და თანამედროვე აზიური ჰორორ ფილმების მიქსს აკეთებს, რომელიც ჯერჯერობით იდეალური ფორმულაა. „ასტრალი 2" და „წყევლა" უდავოდ წლის ყველაზე გამორჩეული საშინელებათა ჟანრის ფილმები იყო.

რკინის კაცი 3
ჯეიმს უონისთვის თუ წარმატებული წელი გამოდგა, რთული იქნება იგივე ვთქვათ კიდევ ერთ აზიელ რეჟისორზე ჩან ვუკ პარკზე. „ოლდბოის" შემქმნელმა პირველი ინგლისურენოვანი ფილმი გადაიღო. „სტოკერი" კიდევ ერთხელ აჩვენებს მაყურებელს, რომ პარკი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია. ინდივიდუალური თხრობის სტილი, ფერებითა და კადრებით მანიპულირება, საინტერესო მონტაჟი და მუსიკის იდეალურად გამოყენება პარკს დიდი ოსტატების გვერდით აყენებს. „სტოკერს" ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დააკლდა, რათა „დიადი სილამაზე" გამხდარიყო და ეს დეტალი სცენარია, რომელიც იმდენად სუსტი და ცარიელია, რომ ჩან ვუკ პარკი მხოლოდ აპლოდისმენტების ღირსია, რომ შეძლო და იქიდან ფილმი შექმნა.

კიდევ ერთი საინტერესო კორეელი რეჟისორი ჯუნ ჰო ბონიც ამერიკაში წავიდა. ნამუშევრის „მოგონებები მკვლელობაზე" შემქმნელის ახალი ფილმის ხილვა მაყურებელს იანვარში შეეძლება.

2013 წელი უფერული იყო ანიმაციური კინოს სამყაროშიც. პიქსარი, რომელიც ოდესღაც უმაღლესი ხარისხისა და ორიგინალურობის სიმბოლოდ ითვლებოდა, ბოლო წლებია ერთ ქვაბში იხარშება.

მონსტრების უნივერსიტეტი" სახალისო მულტფილმია, უმაღლესი დონის გრაფიკით, მაგრამ ეს პიქსარის დონე არ არის. კომპანიას, რომელმაც „უოლ-ი", „სათამაშოების ამბავი" და „რატატუი" შექმნა, ასეთი ბანალური სიუჟეტის მქონე ნამუშევარი არ ეკადრება. ყველაზე საინტერესო ანიმაციური ფილმი „ქრუდსების ოჯახი" იყო. ქვის ხანის ოჯახის თავგადასავალი, რომელიც ორიგინალური, საინტერესო და კეთილი მულტფილმია. სხვა ანიმაციურ ფილმებზე საუბარიც არ ღირს, მომავალ წელს არცერთი არავის ემახსოვრება.

ქრუდსების ოჯახი
ახალი წლის დადგომასთან ერთად მოახლოვდა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფავორიტის გამოცნობაც რთული საქმეა. ბოლო წლებში ამერიკას გამორჩეული ფავორიტები ჰყავდა.

არტისტმა" ყველა და ყველაფერი მოიგო, იგივე გაიმეორა „არგომ", „მილიონერმა ჯურღმულიდან", „მეფის სიტყვამ". წელს ერთი ასეთი ფავორიტი არ არის. მინიმუმ სამ ფილმს თანაბარი შანსი აქვს გამარჯვების, მთავარია, „ოსკარის თემა" რა იქნება. თუ ამერიკის კინოაკადემია უკვდავ რასიზმის თემაზე კონცენტრირდება, მაშინ სტივ მაქუინის „მონობის 12 წელი" ულაპარაკოდ გაიმარჯვებს. თუ კინოლეგენდისთვის სურთ ოსკარის მიცემა, სკორსეზე („უოლ სტრიტის მგელი") და ძმები კოენები („ლევაინ დევისში") მზად იქნებიან, ჯილდოს მისაღებად სცენაზე ავიდნენ.

ოსკარის მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს დევიდ ო. რასელის „ამერიკულ აფერას". კრიმინალური ფილმი ვარსკვლავური სამსახიობი ანსამბლით, ამერიკის კინოაკადემიის ერთ-ერთი უსაყვარლესი, FBI-ის გამოძიებისა და ჯაშუშების თემით. ორიგინალური იქნება, თუ ოსკარს ალფონსო კუარონის „გრავიტაცია" აიღებს. ფილმი, რომელიც კინოკრიტიკოსებმა გააღმერთეს და თანამედროვე „კოსმოსური ოდისეა" უწოდეს, გახდება პირველი სამეცნიერო ფანტასტიკა(თუ შეიძლება ამ ფილმს sci-fi ეწოდოს), რომელიც ოსკარს მოიგებს. კინოაკადემიას თუ ცვლილებები სჭირდება, „გრავიტაცია" იდეალური ვარიანტია.

ამერიკული აფერა
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელი კინოსთვის საკმაოდ მძიმე იყო, აქა-იქ მაინც გამოვიდა ფილმები, რომლებიც არ გვაძლევს საშუალებას დაგვავიწყდეს, რომ კინო დიადი სილამაზეა. ერთ-ერთი ასეთი ფილმი თავად პაოლო სორენტინოს „დიადი სილამაზეა". ამ ნამუშევრით იტალიელმა რეჟისორმა ფელინი გააცოცხლა, ოღონდ ეს ძალიან ფაქიზად გააკეთა. ისე, რომ დიდ მასწავლებელს არაფერი მოჰპარა და არც მის ასლად იქცა. სორენტინომ ყველაზე რთული რამ შეძლო – გადაიღო ფილმი არაფერზე, რომელიც ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვან თემებზეა.

მაყურებელმა არ მიიღო და კრიტიკოსები ნეგატიურად შეხვდნენ რიდლი სკოტის ფილმს „მრჩეველი". ეს წლის ყველაზე დაუფასებელი ფილმია. კორმაკ მაკარტის ბრწყინვალე სცენარი ბევრისთვის დამაბნეველი და ზედმეტად ჩახლართული აღმოჩნდა, სკოტის კინოენა კი – აბსურდული. მე კი მგონია, რომ „მრჩეველი" აშშ-ის ხელისუფლების დაცინვაა. ერთ დროს „უდიდესი მრჩეველი", დღეს აქეთ იღებს „რჩევა-დარიგებებსა და მითითებებს". სიურრეალისტური და საოცრად დამაინტრიგებელი ფილმია Upstream Color, რომლის სიუჟეტის მოყოლაც რთულია. შეინ კარუტის ფილმი ძალიან პრეტენზიულია.კარუტს თავისი კინოენა აქვს შექმნილი, რომლის გასაგებადაც გონების დაძაბვა მოგიწევთ. 

ნამუშევარი სიყვარულზე, სიცოცხლეზე, თვითიდენტიფიკაციაზეა, ეს თემები ნაივურად არაა გადმოცემული, პირიქით, კარუტს თავისი პოეტური ნარატივითა და ძალიან საინტერესო მონტაჟით აქვს ნამუშევარში დალუქული, მის გასახსნელად კი ფილმის ძალიან დაძაბულად და ყურადღებით ნახვა მოგიწევთ. თუ მიჰყევით კარუტს, შედეგი გარანტირებულია – Upstream Color წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია.

კარგი იყო წელს ასღარ ფარჰადი. ირანელის „გაყრა" კინოშედევრია, რომელსაც რეჟისორმა „წარსული" მიაყოლა. ისევე, როგორც წინა ნამუშევარი, „წარსულსაც" ერთი ამოსუნთქვით ნახავთ. ფარჰადისთვის ყოველთვის ყველა პერსონაჟი მნიშვნელოვანია. მის ფილმებში არასოდესაა ზედმეტი ადამიანი, ყველა მათგანს ნელ-ნელა ეცნობით და, რაც მთავარია, მალევე ხვდებით, რომ ისინი აქამდეც გინახავთ. ფარჰადი ახალს კი არ იგონებს რამეს, უბრალოდ, გაჩვენებთ იმას, რისი დანახვაც ხშირად არ გსურთ.

სტატიის წერის პროცესში 2013 წელს გამოსული ფილმების ნაწილი DVD/blue ray დისკებზე ჯერ არ გამოსულა და, სამწუხაროდ, საქართველოშიც არ ჰქონდა კინორელიზი, ამიტომაც კოენების, ალექსანდრ პეინის, სპაიკ ჯონზის, მარტინ სკორსეზესა და 4-5 საინტერესო ნამუშევრის შეფასება არ შემიძლია. 2013 წელი კინოიმედგაცრუების წელი იყო და ამ დარჩენილ ფილმებს შანსი აქვთ, აღმოჩნდნენ ის დიადი სილამაზეები, რომლის ნახვაც სულ უფრო რთული ხდება.

კომენტარები