სოჭის ოლიმპიადა

ფანჯიკიძე: თუ სასაზღვრო ზონის გადმოწევა შენარჩუნდა, რეაგირება იქნება მწვავე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში რუსეთის სასაზღვრო ზონის გადმოწევა თუ სოჭის ოლიმპიადის შემდეგაც შენარჩუნდა, ქართული მხარის რეაგირება ძალიან მწვავე იქნება. აღნიშნული ფანჯიკიძემ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან გაერო-ს მხრიდან, ანტი ტურუნენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვრის და ზოგადად მავთულხლართების გაბმის საკითხი ყოველთვის არის ჟენევის მოლაპარაკებების პირველი ჯგუფის მთავარი თემა.

"შემდეგი რაუნდი ჟენევის მოლაპარაკებების იქნება სოჭის ოლიმპიადის შემდეგ და, შესაბამისად, თუ ეს შენარჩუნდა, მაშინ ჩვენი რეაქცია, რასაკვირველია, იქნება ძალიან მწვავე. ის ახლაც მწვავეა, რადგანაც, ნებისმიერი ასეთი სახის დარღვევა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და, შესაბამისად, მასზე საჭიროა მკაცრი რეაგირება", - თქვა ფანჯიკიძემ.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ გაერო-ს მხრიდან, ანტი ტურუნენმა კი თქვა, რომ ჟენევის დისკუსიების მომდევნო შეხვედრა სოჭის ოლიმპიური თამაშების შემდეგ არის ჩანიშნული.

"ჩვენ მოვისმინეთ ბევრი განცხადებები ოლიმპიადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ყველა იმედოვნებს, რომ თამაშები მშვიდობიან გარემოცვაში ჩატარდება. თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან ხდება ინციდენტები და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ტურუნენმა.

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთში, მდინარე ფსოუზე არსებული სასაზღვრო ზონა აფხაზეთის სიღრმეში, 11 კილომეტრით გადმოიწევს. ეს მდგომარეობა 20 იანვრიდან 21 მარტამდე შენარჩუნდება. ამის მიზეზად სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები სახელდება.

კომენტარები