შეტაკებები უკრაინაში

თეთრი სახლი უკრაინას ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

Reuters

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამწვავებული სიტუაცია ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ხალხის ლეგიტიმური უკმაყოფილების გაუთვალისწინებლობის შედეგია. თეთრი სახლი უკრაინის მთავრობას ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. განცხადების მიხედვით, ძალის გამოყენების შემთხვევაში, ვაშინგტონი სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს.

უკრაინაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა იან ტომბინკსიმ დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პოლიციაზე თავდასხმა არგუმენტებს აძლევს მათ, ვინც კრიზისის მშვიდობიან გადაჭრას ეწინააღმდეგება. თავის Twitter-ზე ეხმაურება კიევის მოვლენებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი. მისი თქმით, ძალადობა პასუხი არ არის. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი კი მიიჩნევს, რომ რეპრესიები და ძალადობა უკრაინას ჩაძირავს.

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში დემონსტრანტებსა და სპეცდანიშნულების რაზმ ბერკუტს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, სამართალდამცველების მხრიდან შტურმი არ განხორციელებულა. ამჟამად გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტების რაოდენობამ იკლო. უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე 2 ათასამდე მომიტინგე რჩება.

გასულ ღამეს დემონსტრანტებმა ბერკუტის 8 სატრანსპორტო საშუალება დაწვეს. მათ ასევე ბერკუტისგან თავდასაცავად ბარიკადები აღმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა საერთო რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

შეტაკებები მომიტინგეებსა და სპეცრაზმელებს შორის, გუშინ, კიევის დროით დღის სამ საათზე დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ოპოზიციის ლიდერების ზედმეტად რბილ პოზიციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და გრუშევსკის ქუჩაზე სამთავრობო შენობებისკენ მისასვლელ გზაზე მდგარ ბერკუტის თანამშრომლებს შეუტია. ოპოზიციის ლიდერების მცდელობის მიუხედავად, დემონსტრანტების შეჩერება ვერ მოხერხდა. აქტივისტები სპეცრაზმელებს ქვებსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.

ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო სიტუაციის განმუხტვის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა, კლიჩკოს განცხადებით, პრეზიდენტი დიალოგისთვის მზადაა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად სპეციალური კომისია შეიქმნება.

ოპოზიციისა და მაიდანის აქტივისტების აღშფოთება 16 იანვარს რადას მიერ მიღებულმა რამდენიმე კანონმა გამოიწვია, რომლებიც დემონსტრაციების ჩატარებისა და სამოქალაქო აქტიურობის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

კომენტარები