ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი: ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინტენსიურად მუშაობს. როგორც ღარიბაშვილმა დღეს, მედიასთან შეხვედრაზე თქვა, ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს და ამ პროცესში, საქართველოს პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას აპირებს. 

"პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა იმსახურებს შექებას. მათ მოკლე დროში ოთარ ფარცხალაძის მეთაურობით ბევრი საქმის გამოძიება შეძლეს და ბევრი საქმე განახლდა. ჟვანიას საქმეს რაც შეეხება, საუბარია ექსჰუმაციაზე, რათა არ გაჩნდეს რაიმე შეკითხვები. პროკურატურა გეგმავს, რომ ჩაერთოს შვეიცარიის ლაბორატორია. ვაპირებთ შეიქმნას გარკვეული კომისია. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები თომას ჰამარბერგთან, რათა ისიც ჩაერთოს და მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ამ საქმის ირგვლივ დასრულდეს სპეკულაციები და არცერთი კითხვა აღარ დარჩეს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით ასევე საუბარია ისრაელის ერთ-ერთ ლაბორატორიასთანაც.

"რამდენიმე ვარიანტი გვაქვს - როგორც ისრაელში, ასევე შვეიცარიაში", - აღნიშნა პრემიერმა. 

კომენტარები