ბაჩო ახალაიას საქმე

მთავარმა პროკურატურამ გოდერძი ჯოლოხავას საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოწმე გოდერძი ჯოლოხავაზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ბოლო დღეებში სხვადასხვა სატელევიზიო საშუალებებში გასული ინფორმაცია, ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას მიმართ სხვადასხვა პირების მხრიდან, ცრუ ჩვენების მისაცემად, განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.

"ამჟამად საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. მთავარი პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს მკაცრად აღკვეთს", - აცხადებს უწყება და აღნიშნავს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით მიდინარეობს.

ცნობისთვის, 13 იანვარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ყოფილი პატიმარი გოდერძი ჯოლოხავა ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ირმა ინაშვილის და თეა წულუკიანის ზეწოლის გამო ისაუბრა. ჯოლოხავას თქმით, მას მისცეს დაწერილი ტექსტი, რაც მედიაკავშირ ობიექტივში ათქმევინეს. ადრე, ირმა ინაშვილთან ინტერვიუში ყოფილი პატიმარი ჰყვებოდა, თუ როგორ ანახეს პატიმრის გაუპატიურების და წამების სცენები. მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას სამჯერ შეხვდა და ის აიძულებდა სხვა პატიმრებისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას წამების გზით.

გუშინ, ასევე მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში, ყოფილმა პატიმარმა განაცხადა, რომ ანი ნადარეიშვილი და ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი შვილების მოკვლით დაემუქრნენ და სასურველი ჩვენება ამ გზით მიიღეს. 

კომენტარები