ბაჩო ახალაიას საქმე

ყოფილი პატიმარი: წულუკიანმა ახალაიას წინააღმდეგ დაწერილის წაკითხვა მომთხოვა

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას ინტერვიუს აქვეყნებს. ყოფილი პატიმარი ყვება თუ როგორ დაიგეგმა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. მისი თქმით, ის ჯერ სულხან მოლაშვილის ძმამ მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს შეახვედრა, შემდეგ კი, ინაშვილის დახმარებით, იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანს შეხვდა.

"მითხრა, რომ ახლა შენ იტყვი თუ არ იტყვი, ამ ამბავს მაინც გავამყარებთ. შენს უკან შებრუნებას კი არაფერი უნდა შენი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე. თუ ციხეში გირჩევნია, ნუ იტყვი თუ არადა, თქვიო. ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს ჩემზე" -  ამბობს გოდერძი ჯოლოხავა. ყოფილი პატიმრის მტკიცებით, მას დაწერილი ჩვენება მისცეს და უთხრეს, რომ კამერის წინ სწორედ ფურცელზე ნაწერი ტექსტი უნდა ეთქვა.

გოდერძი ჯოლოხავა ჩანაწერში არჩილ კბილაშვილსაც ახსენებს და აცხადებს, რომ თეა წულუკიანის შემდეგ, ის ყოფილ პროკურორსაც შეხვდა და მასაც დაუდასტურა, რომ დაწერილ ტექსტს გაიმეორებდა. ყოფილი პატიმრის თქმითვე, ბაჩო ახალაიას მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობს და არც ის და არც მეგის ქარდავა არასოდეს უნახავს.

ცნობისთვის, მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში გოდერძი ჯოლოხავა ყვებოდა, თუ როგორ ანახეს პატიმრის გაუპატიურების და წამების სცენები. მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას სამჯერ შეხვდა და ის აიძულებდა სხვა პატიმრებისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას წამების გზით.

ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მთავარმა პროკურატურამ დღეს კიდევ ერთი ბრალი წაუყენა პატიმართა წამებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. მთავარი პროკურატურის ცნობით, დანაშაული 2006 წელსაა ჩადენილი, როცა ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, მეგის ქარდავა კი მე-7 საპყრობილის დირექტორი.

კომენტარები