გიგი უგულავას საქმე

ფანჯიკიძე: კანონის დაცვით მიმდინარე პროცესი საქართველოს იმიჯს არ დააზარალებს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "კანონის სრული დაცვით მიმდინარე პროცესი საქართველოს იმიჯს არც საერთაშორისო არენაზე და არც ქვეყნის შიგნით არ მიაყენებს ზიანს". წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძე გიგი უგულავასთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, საქმე ეხება დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას და სწორედ ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ საბიუჯეტო თანხების ასეთი რაოდენობით გაფლანგვა, თუკი დადასტურდება, არის სერიოზული დანაშაული და დამნაშავე ვინც არ უნდა იყოს, უნდა დაისაჯოს. კანონი უნდა მოქმედებდეს ქვეყანაში და კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი, არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა პოლიტიკური ფიგურა. თუკი რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას რაიმე სახის დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა იყოს გამოძიებული. პოლიტიკურ ფიგურებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ისინი მაგალითი უნდა იყვნენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი მიმდინარეობს სამართლიანად", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბრის ღამეს უფლებამოსილება შეუჩერა. გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა ღამის პირველ საათზე მიიღო. უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, სასამართლომ თბილისის მერს უფლებამოსილება ზეპირი განხილვის გარეშე შეუჩერა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები