გიგი უგულავას საქმე

ზურაბ ჯაფარიძე: პროკურატურის დეპოლიტიზება მხოლოდ მითია

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურის დეპოლიტიზება მხოლოდ მითია. როგორც ჯაფარიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, იმას თუ რა ტიპის შუამდგომლობა უნდა დააყენოს ბრალდების მხარემ ნაციონალური მოძრაობის ამა თუ იმ ლიდერთან მიმართებით, წყვეტს არა თვითონ პროკურატურა, არამედ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი.

„გუშინ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წინსწრებით დააანონსა, რომ ბატონი უგულავას წინააღმდეგ პროკურატურა აუცილებლად მოითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ უგულავა უკვე ფიგურირებს ერთ-ერთ საქმეში, რომელსაც სასამართლო განიხილავს. ამ თვეების განმავლობაში, უგულავა არ დამალვია გამოძიებას, არ მოუხდენია ზეწოლა არც ერთ მოწმეზე, რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა უკან. ანუ, პროკურატურას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რომ მოითხოვოს წინასწარი პატიმრობა უგულავას წინააღმდეგ. ის ფაქტი, რომ ქალბატონი ბესელია წინასწარ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა სასამართლოს წინაშე, მიუთითებს რამდენიმე რამეს. ერთი - ცალსახად აჩვენებს იმას, რომ პროკურატურის დეპოლიტიზება, რომელზეც დღევანდელი ხელისუფლება სიამაყით საუბრობს, არის მითი და მეტი არაფერი, მეორე, გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის შუამდგომლობა უნდა დააყენოს ნაციონალური მოძრაობის ამა თუ იმ ლიდერთან მიმართებაში, იღებს არა თვითონ პროკურატურა, არამედ ქართული ოცნების ლიდერები და, მაღალი ალბათობით, ვითომ სამოქალაქო სექტორში გადაბარგებული ყოფილი პრემიერიც. მესამე, ზოგადად დევნის შინაარსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდება, არის წმინდა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი“, - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაისაჯოს.

"მაგრამ ამის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ და არა ქართული ოცნების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. ბოლო ერთმა წელმა ნათლად დაანახა ყველას, რომ ასეთი ზეწოლით და შანტაჟით ნაციონალური მოძრაობის განადგურება არის შეუძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მმართველი გუნდის დეკლარირებული მიზანია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ამ ქვეყანას და მის მომავალს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამის გამო მომავალში პასუხისმგებლობას გაექცევა იმით, რომ დაიმალება ჭორვილაში ან საფრანგეთში, ძალიან ცდება“, - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტვ 3-ის ეთერში, გადაცემა დიდ პოლიტიკაში განაცხადა, რომ პროკურატურა თბილისის მერ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. თავად პროკურატურის განმარტებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რა ტიპის აღკვეთის ღონისძებას მოითხოვენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ და მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მოილაპარაკეს. დეპუტატ გიორგი გაბაშვილის თქმით, ვიდრე პროკურატურას მოქმედება დაუწყია, პოლიტიკურმა გუნდმა უკვე იცის, როგორ მოიქცევა პროკურატურა.

თავად ეკა ბესელიას განმარტებით კი, თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პოლიტიკურ გუნდსა და პროკურატურას შორის არავითარი შეთანხმება არ მომხდარა. მისი თქმით, "მხოლოდ ლოგიკურად იმსჯელა და ივარაუდა".

კომენტარები