პროტესტი უკრაინაში

მაკკეინი: უკრაინა ევროპას, ევროპა კი უკრაინას შეცვლის უკეთესობისკენ

David McNew/Getty / www.guardian.co.uk

კიევში ანტისახელისუფლებო დემონსტრანტების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ათიათასობით უკრაინელი მაიდანზეა შეკრებილი. პარალელურად კი დამოუკიდებლობის მოედანთან ახლოს ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დღეს მაიდანზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც იანუკოვიჩს უკრძალავს 17 დეკემბერს მოსკოვში ვიზიტის დროს საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერას. ოპოზიციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ თუ იანუკოვიჩი ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, შეუძლია, მოსკოვში დარჩეს და კიევში აღარ დაბრუნდეს.

კიევში იმყოფებიან აშშ-ის სენატორები ჯონ მაკკეინი და კრის მერფი. მათ მაიდანზე შეკრებილ მომიტინგეებს მიმართეს.

"მე რესპუბლიკელი ვარ, სენატორი მერფი კი დემოკრატი. მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ გითხრათ ამერიკელი ხალხის სათქმელი, რომელიც სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ თქვენი მშვიდობიანი პროცესები, მშვიდობიანი პროტესტი შთააგონებს თქვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოს. აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ თქვენს სამართლიან წყობას. უკრაინის სუვერენულ უფლებას, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი ბედისწერა თავისუფლად და დამოუკიდებლად. თქვენი ბედისწერა კი ევროპაა. უკრაინა ევროპას უკეთესობისკენ შეცვლის, ევროპა კი უკრაინას შეცვლის უკეთესობისკენ. მინდა, ვუთხრა ყველა უკრაინელს, ამერიკა თქვენს გვერდით დგას. ნება მიბოძეთ განსაკუთრებულად მივმართო ავღანელ ვეტერანებს, ვინც აქ მაიდანზე არიან შეკრებილი. მადლობა ომში მსახურებისთვის. მადლობა ახლანდელი მისიის გამო, რომელსაც მშვიდობისთვის ასრულებთ. ასევე მინდა მივმართო ახალგაზრდა პოლიციელებს, პატივს ვცემ თქვენს სამსახურსა და მოთმინებას და გვინდა გთხოვოთ, რომ ყოველთვის მისდიოთ თქვენს მოვალეობას, რაც თანამემამულეების დაცვას გულისხმობს. უკრაინელო ხალხო, ეს თქვენი დროა. ეს გეხებათ თქვენ და არავის სხვას. თქვენ გვერდითაა თავისუფალი სამყარო, თქვენ გვერდითაა ამერიკა, თქვენ გვერდით ვარ მე." - თქვა მაკკეინმა.

სენატორმა კრის მერფიმ კი სიტყვით გამოსვლისას თქვა, "ვამაყობ, რომ აქ ვარ სენატორ ჯონ მაკკეინთან ერთად. აქ მოვედით, რომ გითხრათ,რომ ამერიკელი ხალხი და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი თქვენს გვერდით დგანან. არის მომენტები ისტორიაში, როდესაც ერი არჩევანის წინაშე დგება წარსულსა და ახალ დიდებულ მომავალს შორის. უკრაინის მომავალი ევროპასთანაა და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას როგორც ყველაზე ახალგაზრდა ას ამერიკელ სენატორს შორის, მე მაქვს გზავნილი ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებიც აქ არიან შეკრებილი. გზა ცვლილებებისკენ მშვიდობიან პროტესტზე გადის და ამერიკაში კარგად ვიცით, რომ ძალადობის მიუხედავად, რაც ამ მოედანზე მოხდა, თქვენ კვლავ მშვიდობიანად გააგრძელეთ ცვლილებების მხარდაჭერა."

დღეს ევროკომისარმა შტეფან ფულემ ტვიტერზე გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების არგუმენტებს რეალობასთან საერთო არ აქვს. ფულეს თქმით, მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, თუ უკრაინის პრეზიდენტი და მისი მთავრობა არ დაადასტურებენ, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ხელშეკრულების ხელმოწერით.

ფულეს განცხადებას უკრაინის პრემიერმინისტრის აპარატში უპასუხეს. მათი თქმით, ევროკავშირისგან ოფიციალური მიმართვა არ მიუღიათ და უკრაინა მზად არის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების გაგრძელებისთვის.

კიევში ასევე იმყოფებიან ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტის დეპუტატ რებეკა ჰარმსის თქმით, თუ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, მათ სანქციები უნდა დაუწესდეთ.

"ევროკავშირი შეშფოთებულია ძალადობის ფაქტების გამო და გვსურს, დავრწმუნდეთ, ასეთი რამ აღარ მოხდება. ისევე, როგორც მაიდანზე მყოფ ადამიანებს, ვენც გვსურს, რომ უკრაინამ ამ კრიზისიდან მშვიდობიანი გზა მოძებნოს. ვფიქრობ, რომ გამოსავალი მოლაპარაკებებშია. ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ხალხს და მათი ევროპული მისწრაფებები გაიზიაროს. უკრაინელი ხალხის მომავალი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მოულოდნელად გადაიფიქრა ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა. სასურველი იქნებოდა, რომ ევროკავშირს არ დასჭირდეს სანქციების შემოღება, მაგრამ თუ ადგილი ექნება ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან პირადად მე საპასუხოდ სანქციების გარდა ალტერნატივას ვერ ვხედავ" - თქვა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარ მარლ დენეშაეკერის თქმით კი, "ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებით, რადგან მრავაწლიანი მომზადების შემდეგ მან მოსკოვის ზეწოლას ვერ გაუძლო და ვილნიუსის სამიტზე არ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. ჩვენთვის ძალიან უჩვეულო იყო, რომ ამდენმა ადამიანმა თავი დაჩაგრულად იგრძნო და ევროპული მომავლის დასაცავად გარეთ გამოვიდა. მათ სურთ ქვეყანაში ევროპული ღირებულებები და დემოკრატია დანერგონ და რეალურად შეცვალონ სისტემა." - თქვა ევროპარლამენტარმა.

დღეს რადას დეპუტატებმა განცხადება გააკეთეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ანატოლი გრიცენკოს თქმით, დარბევების შესახებ ბრძანებებს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გასცემდა და ის უნდა დააპატიმრონ.

"ჩვენ გვაქვს ბერკუტის ქვედანაყოფების იმ ღამის რადიოსაუბრის ჩანაწერები, როდესაც სტუდენტების დარბევა მოხდა. და 11 დეკემბრის ღამის ჩანაწერები, როდესაც მაიდნის შტურმი განხორციელდა. ჩვენ კარგად ვიცით, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვინ ასრულებდა მათ. ამას გარდა არსებობს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის ჩვენება, რომელიც მან სასამართლოზე მისცა . კიევის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისა და კიევის მილიციის ყოფილი უფროსის ჩვენებები. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ბრძანებებს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გასცემდა. სწორედ ამიტომ ეს ადამიანი დაუყონებლივ უნდა მოხსნან თანამდებობიდან და დააპატიმრონ. რაც შეეხება პროვოკაციებს, ვიცით, რამდენი ადამიანი მიიყვანეს ამ მიზნით კიევის ცენტრში. ჩვენ მათ ყველა გადაადგილებას ვადევნებდით თვალს და ნებისმიერ დროს მზად ვიქნებით საპასუხო ნაბიჯებისთვის. ევრომაიდანს არ აქვს არანაირი ძალადობრივი გეგმა. თუ რაიმე მსგავსი მოხდება, მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან." - თქვა ანატოლი გრიცენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ოპოზიციამ პრეზიდენტ იანუკოვიჩს სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა: დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა დამნაშავის დასჯა, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას იყენებდა და მთავრობის გადაყენება.

კომენტარები