პროტესტი უკრაინაში

უკრაინაში გუშინ შეტაკებისას ყოფილი შს მინისტრი ლუცენკო მძიმედ დაშავდა

reuters.com

გუშინ, გვიან ღამით უკრაინაში აქციის მონაწილეებსა და ბერკუტს შორის, მორიგი შეტაკება მოხდა.

დაპირისპირების დროს სულ ცოტა 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უკრაინის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

10 იანვარს, კიევის სასამართლოსთან გამართული აქციის მონაწილეები ეგრეთ წოდებულ ვასილკოვსკოს საქმეზე გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ. კიევის რაიონულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაკავებულ სამ დამნაშავეს – საქალაქო საბჭოს ორ დეპუტატს იგორ მოსიჩუკსა და სერგეი ბევზუს, ასევე დეპუტატის თანაშემწეს ვლადიმერ შპარეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
ისინი  2011 წლის 22 აგვისტოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, მას შემდეგ რაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს და ისინი ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულეს, კერძოდ, ბორისპოლში ლენინის ძეგლის აფეთქებაში. უკრაინის ოპოზიცია ამ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს. დაკავებულები რადიკალი მემარჯვენეები არიან და უკრაინის ევროინტეგრაციას უჭერენ მხარს.

წუხელ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, აქტივისტებმა სასამართლოს შენობის ბლოკირება მოახდინეს, რასაც ბერკუტსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა.

 

კომენტარები