ალექსანდრე ნინუას საქმე

ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ალექსანდრე ნინუა პროკურატურისგან ზეწოლაზე საუბრობს

რუსთავი 2

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა პროკურატურის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ექსკლუზიურ მასალას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. ვიდეო ნინუამ დაპატიმრებამდე გადაიღო.

"მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა მთავრობა, ბუნებრივია, ჩემი ყოფილი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეკითხვები ექნებოდათ და ამაში ტრაგიკულს ვერ ვხედავდი არც მაშინ და არც დღეს. როდესაც მიბარებდნენ, არც ერთ დაკითხვაზე არ დამიგვიანია. ყველაგან მივდიოდი ამ 1 წლის განმავლობაში. ამას მოჰყვა ის, რომ ჩემი მოადგილეების დაბარება დაიწყეს, დაიწყეს დეპარტამენტში მყოფი სამმართველოების უფროსების დაბარება, გაიშალა თემა ჩავიდა მენეჯერებამდე. ძალიან იმედიანად იყვნენ გამომძიებელები იმასთან დაკავშირებით, რომ ბომბს აღმოაჩენდნენ და ეს ყბადაღებული თემა, რომ თითქოს ჩვენი ვიჯექით და გამოვჭამეთ ჯარის მთელი ბიუჯეტი, ამას ააფეთქებდნენ და რაღაც ფურორს მოახდენდნენ. ეს რა თქმა უნდა, ვერც მოხდებოდა, რამდენჯერმე იყო შემოთავაზება, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან. ეს იმას ემსახურებოდა, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან და ის სიბინძურეები, რაც ჩვენი მისამართით გაჟღერდა, რაღაც დოზით გამართლდებოდა. იტყოდნენ გაიქცა ქვეყნიდანო, ერთი წელია, ფეხი არ მომიცვლია, ორჯერ ვიყავი წასული ქვეყნიდან - ერთხელ ერთი კვირით, ერთხელ 3 დღით და დავბრუნდი.

მე კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, მორალურად აუტანლად მიმაჩნია ის, თუ როგორ იჩაგრება ამდენი ხალხი, როგორ წუხს ამდენი ოჯახი ჩემ გამო. მე ვთვლი, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადავდგა და დავეხმარო მათ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან ძნელია, მე გადავწყვიტე ამ ხალხის დახმარება.

ეტყობა, შეუძლებელია ვიღაცისთვის იმის ყურება ყოველდღიურად, რომ თვითონ რომ ყვირის, თურმე მე ჯარი გავძარცვე, მე ამ დროს თბილისში ვარ, არ ვიმალები, არ გავრბივარ, არსად არ წავსულვარ. ყოველდღე დავდივარ დაკითხვაზე და მისი ეს ნაყვირები უფრო და უფრო უფასურდება.

მე ჩემი მეგობრების წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ წავიდე ციხეში, ოღონდ არა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია, არამედ იმისთვის, რაც ჩამიდენია, თუ ამ ჩანაწერს ვინმე უყურებს, ესე იგი ციხეში ვარ, რამდენიმე წუთის წინ 2013 წლის 12 დეკემბერი დაიწყო" - ამბობს ნინუა ჩანაწერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ალექსანდრე ნინუას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დღესვე, საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ნინუას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში პროკურატურა უარყოფს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს.

კომენტარები