ალექსანდრე ნინუას საქმე

ადვოკატი: ნინუას საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს

თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. უწყება ნინუას სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და ყალბი დოკუმენტების შედგენას ედავება. ადვოკატ ოთარ კახიძის ინფორმაციით, საქმე ეხება 2008 წელს შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დანიშნულების სპეციალური ავტომობილების - კამაზების, კრაზებისა და ურალების შეძენას. მისი თქმით, აღნიშნული ავტომობილები არაერთხელ იხილეს მოქალაქეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმებზე.

"გაფლანგვის ნაწილში საქმე ეყრდნობა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, შეძენილი ავტომობილების საბაზრო ღირებულება იყო ნაკლები იმ ფასზე, რაც მათში გადაიხადა თავდაცვის სამინისტრომ. როგორც ექსპერტიზის ბიუროდან გვაცნობეს, ექსპერტმა შეფასების დროს იხელმძღვანელა გაზეთ "სიტყვა და საქმის" ნომრებში არსებული განცხადებებით, თუმცა, შეფასება მოხდა არა იმ მოდელების ფასებით, რომლებიც შეძენილი იყო, არამედ სხვა ავტომობილების ფასებით.

მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი იყო მაღალი გამავლობის, სამხედრო ფუნქციების კამაზი 43106, რომლის საბაზრო ღირებულებაც ექსპერტმა დაადგინა "სიტყვა და საქმეში" გამოქვეყნებული "ზილ-კამაზის“ და ე.წ. ბეტონმრევი კამაზის ფასით. აგრეთვე, ავტომობილ ურალის შესახებ განცხადება სიტყვა და საქმის გამოყენებულ ნომრებში საერთოდ არ არსებობს“, - აღნიშნავს კახიძე.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ავტომობილების ამგვარი ფორმით შეფასება დაუშვებელია, "რადგან შეუძლებელია, ბეტონმრევი სატვირთო ავტომანქანის ფასით დაადგინო მაღალი გამავლობის, სამხედრო ავტომანქანის ღირებულება. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის არავითარი შესაძლებლობა არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან და მის საფუძველზე ბრალდების წარდგენა არის ცალსახა უკანონობა“, - ამბობს კახიძე.

ადვოკატი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბრალდებას ყალბი დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებით, "რადგან საქმეში აგრეთვე არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ ხელმოწერა დოკუმენტზე გაყალბებულია".

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ, 16 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება. ოთარ კახიძის თქმით, პროცესზე დაცვის მხარე მოითხოვს ალექსანდრე ნინუას სისხლისსამართლებრივი დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მტკიცებულებათა არარსებობის გამო.

"აქვე მოგახსენებთ, რომ ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი საქმე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ჩატარებულ წვრთნებს ეხება, თუმცა, ამ საქმეზე პროკურატურამ უკვე მეორედ მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება, რადგან არ არიან მზად საქმის სასამართლოში გასაგზავნად“, - აღნიშნავს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები