ალექსანდრე ნინუას საქმე

ალექსანდრე ნინუას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, ნინუას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეფარდა, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად - სამი წლით. დანაშაულთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ნინუას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ცნობისთვის, ალექსანდრე ნინუა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 2013 წლის 14 დეკემბრიდან. მას ექვსი თვე უკვე მოხდილი აქვს. უკვე მსჯავრდებულმა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოტივად შეაფასა. მისი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცაგერის გამგებლად იყრის კენჭს და სწორედ ამ მოტივით დაააპატიმრეს. 

"ძალიან კარგად ვიცი, რომ ვარ ადამიანი, რომელსაც ეს მთავრობა ციხიდან არ გაუშვებს. ბრიფინგები, რომელზეც ითქვა, რომ კეზერაშვილთან ერთად ვარ სხვადასხვა საქმეებზე ბრალდებული, არის სასაცილო. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო. ციხე საარჩევნო შტაბს დაამსგავსეს, ოცნების გარდა, ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ციხეშია. ეს სასამართლო პროცესები კი ჩვეულებრივი ცირკია", - თქვა ნინუამ და აღნიშნა, რომ "რაც საქართველოში ელიტური იარაღია, ყველა ჩემი ჩამოტანილია და დამაკავეს 1962 წელს გამოშვებული მაკაროვის გამო. ექვსი თვეა ამის გამო ციხეში ვარ".

ადვოკატ დავით ძაგანიას შეფასებით, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთან პოზიციის შეთანხმების შემდეგ, სავარაუდოდ, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ალექსანდრე ნინუა 12 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, დაკავების პროვიცირება თავად მოახდინა. აღნიშნულს ნინუა დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში თავისი თანამშრომლების გამუდმებით დაკითხვებზე დაბარებებით ხსნიდა. ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადებით, მას და მის თანამშრომლებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. ნინუას ინფორმაციით, დაკითხვები 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო. 

ალექსანდრე ნინუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა დაცვის მხარეს პრეტენზია არ ჰქონია. ნინუას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი შეგნებულად დააგდო პოლიციის თვალწინ. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, ექვსჯერ გადაიდო.

ალექსანდრე ნინუას კიდევ ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან ერთ-ერთზე, რომელიც დავით ნინუასა და დავით კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში 5 მილიონამდე ევროს გაფლაგვას გულისხმობს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ალექსანდრე ნინუას საიდუმლო წარმოების წესების დარღვევასაც ედავებიან. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და მასზე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. 

ბოლო ბრალის წაყენებამდე ორი კვირით ადრე, ალექსანდრე ნინუამ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს.

კომენტარები