ალექსანდრე ნინუას საქმე

ალექსანდრე ნინუას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედრო დანიშნულების მანქანების შეძენის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა, მოსამართლე დავით ჯუღელმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უსაფუძვლო იყო. პროკურატურა ნინუას სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და ყალბი დოკუმენტების შედგენას ედავება. ადვოკატ ოთარ კახიძის მოთხოვნით, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

ალექსანდრე ნინუას საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას გასული წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას კიდევ ერთი ბრალი თავდაცვის სამინისტროში ჩატარებულ წვრთნებთან დაკავშირებულ საქმეზე აქვს წარდგენილი. ადვოკატ ოთარ კახიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება უკვე მეორედ მოითხოვა.

კომენტარები