საპროტესტო აქციები კიევში

ვაშაძე: სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება პოლიტიკური შეცდომა იქნება

გიორგი ვაშაძის Facebook-ს გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება უკრაინის მთავრობის კიდევ ერთი პოლიტიკური შეცდომა იქნება. როგორც ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში მარტო არ ჩასულა.

"ის უკრაინას ევროპელ ლიდერებთან ერთად ეწვია, რაც ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით, უკრაინელი ხალხისთვის დაფიქსირებული კონკრეტული მხარდაჭერა იყო", - ამბობს, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ვაშაძე.

უმცირესობის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოსთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის ევროპული მომავალი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

"ჩვენი ქვეყნები ევროპული ინტეგრაციისთვის ერთად იბრძოდნენ. რუსეთმა თუ დღეს არ წაიტეხა ხელები უკრაინის საკითხზე იმ ბინძური თამაშით, რომელსაც ახორციელებს, მაშინ მას ექნება გაცილებით უფრო მოტივირებული მდგომარეობა, რომ იგივე გააკეთოს საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლეგ ცარევმა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით მიმართა, რათა უკრაინაში უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესვლა აიკრძალოს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. მან ოპოზიციის შტაბში ბრიფინგი გამართა, ბრიფინგის შემდეგ სააკაშვილი ევრომაიდანზე გაემართა. ხოლო ბრიფინგამდე საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს შეხვდა და უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პუტინს უკრაინის დაპყრობა სურს.

"უცხოელების საქმე არ არის, მიუთითონ უკრაინელებს ვინ როგორ უნდა წავიდეს თანამდებობიდან ან არ უნდა წავიდეს. ეს უცხოელების საქმე არ არის, ეს სუფთად უკრაინელების საქმეა. მაგრამ ის, რაც აქ ხდება, პუტინის მიერ სუვერენული ევროპული ქვეყნის რეიდერული დაპყრობაა. ეს კი მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოსა და ჩვენი საქმეა. იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენ ყველას გვეხება", - განაცხადა სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრისას.

საქართველოს ექსპრეზიდენტამდე, უკრაინაში ჩავიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. 

კომენტარები