საპროტესტო აქციები კიევში

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში უკრაინის დროშა აღმართეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნიშნად, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში უკრაინის დროშა აღმართეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას თავისუფლებისკენ.

"მხარს ვუჭერთ მათ უფლებებს, რომ თვითონ აირჩიონ, რომელი სამყაროს ნაწილი იყვნენ, მათ უფლებას, რომ თავი დააღწიონ ამ პოსტსაბჭოთა ჭაობს და რუსეთის ფედერაციის მცდელობას, რომ ისინი დატოვოს ამ ჭაობში. ამასთან ერთად, ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს უკრაინაში წყდება არამხოლოდ უკრაინის, არამედ, თავისუფალი სამყაროს კიდევ ერთი დიდი გაფართოების ბედი, რომლის ნაწილიც, იმედი გაქვს და გვწამს, რომ იქნება საქართველოც. ეს ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ამიტომ, ჩვენ არ ვწყვეტთ, რა მოხდება უკრაინაში, მაგრამ ის, რაც მოხდება უკრაინაში, იქონიებს გავლენას იმაზე, რამდენად თავისუფალი იქნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება და რა თქმა უნდა, ამაში ბოლომდე მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს" - აცხადებს ბოკერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საორგანიზაციო მდივნის გიორგი ვაშაძის თქმით კი, რუსეთს აქვს განსაზღვრული ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა უკრაინის და საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით, რისი დაძლევაც, ერთიანობით შეიძლება.

"ჩვენ მხარს უჭერთ ჩვენს უკრაინელ ძმებს, უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ერს მათ ევროპულ არჩევანში და სიმბოლურად ავღმართეთ უკრაინის დროშა. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ბოლომდე ვდგავართ მათთან ერთად. იქ წყდება არამხოლოდ უკრაინის ბედი, იქ წყდება საქართველოს ბედიც და იქ წყდება ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავლის ბედი. იმედი მაქვს, რომ ამ გზას არ გადაუხვევს უკრაინა და რაც მთავარია, საქართველოც ბოლომდე იბრძოლებს ევროპული არჩევანისთვის. ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს განსაზღვრული ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა ამ კუთხით. ჩვენი ერთიანობით, ჩვენ შეგვიძლია ეს წინააღმდეგობა გადავტეხოთ" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

გუშინ ბერკუტი საიტ Censor.net.ua და ტელევიზია INTV-ს ოფისებში შევიდა. მათ ამოიღეს სერვერები და კომპიუტერები. ბერკუტი ასევე შევიდა პარტია ბატკივშჩინას ოფისშიც, საიდანაც, ანალოგიურად, კომპიუტერები ამოიღო.

ამასთან, გვიან ღამით, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით, სამთავრობო კვარტალში ბარიკადები დაშალეს. მაიდანისა და კიევის ქალაქის საბჭოს შენობის გარდა, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა ბლოკპოსტები ყველგან აიღეს.

კომენტარები