საპროტესტო აქციები კიევში

ეშტონი: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სერიოზულად აფერხებს პროცესს

midnimo.com

უკრაინაში დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში, ქეთრინ ეშტონს ელოდებიან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის მოლაპარაკებებს გამართავს იანუკოვიჩის მთავრობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მხარეები ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის განმუხტვის გზებზე იმსჯელებენ. ქეთრინ ეშტონმა კიევში ვიზიტამდე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"მე ინტერესით ვადევნებ თვალყურს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინული პოლიცია ძალის გამოყენებით შევიდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში, ბატკივშჩინაში. ეს ხდება სწორედ იმ საღამოს, როდესაც პრეზიდენტი იანუკოვიჩი მრგვალი მაგიდის ინიციატივით გამოვიდა, რომელმაც თავი უნდა მოუყაროს ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერსა და უკრაინის სამ ექსპრეზიდენტს. მიმდინარე მოვლენები კი სერიოზულად აფერხებს პროცესს. უკრაინის მაღალჩინოსნებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ძალის შემდგომი გამოყენებისგან, რათა არსებული პოლიტიკური ვითარება მოლაპარაკების გზით გადაწყდეს", - განაცხადა ეშტონმა.

უკრაინას დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდიც ესტუმრება. ის კიევში მოსკოვიდან ჩაფრინდება, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. 

გუშინ ბერკუტი საიტ Censor.net.ua და ტელევიზია INTV-ს ოფისებში შევიდა. მათ ამოიღეს სერვერები და კომპიუტერები. ბერკუტი ასევე შევიდა პარტია ბატკივშჩინას ოფისშიც, საიდანაც, ანალოგიურად, კომპიუტერები ამოიღო.

ამასთან, გვიან ღამით, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით, სამთავრობო კვარტალში ბარიკადები დაშალეს. მაიდანისა და კიევის ქალაქის საბჭოს შენობის გარდა, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა ბლოკპოსტები ყველგან აიღეს.

კომენტარები