საპროტესტო აქციები კიევში

ჯოზეფ ბაიდენმა ვიქტორ იანუკოვიჩს ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს  დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაიდენსა და იანუკოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. 

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩს დაძაბულობის განმუხტვისა და ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა უკრაინის ევროინტეგრაციაზე და პრეზიდენტ იანუკოვიჩს აღებული გეზის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

გუშინ ბერკუტი საიტ Censor.net.ua და ტელევიზია INTV-ს ოფისებში შევიდა. მათ ამოიღეს სერვერები და კომპიუტერები. ბერკუტი ასევე შევიდა პარტია ბატკივშჩინას ოფისშიც, საიდანაც, ანალოგიურად, კომპიუტერები ამოიღო.

ამასთან, გვიან ღამით, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით, სამთავრობო კვარტალში ბარიკადები დაშალეს. მაიდანისა და კიევის ქალაქის საბჭოს შენობის გარდა, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა ბლოკპოსტები ყველგან აიღეს.

კომენტარები