საპროტესტო აქციები კიევში

იაცენიუკი: ყოველდღიურად თითო დაწესებულების პიკეტირებას მოვახდენთ

AP

უკრაინაში ოპოზიცია სამთავრობო შენობებთან ბარიკადების აღმართვას იწყებს. დღეიდან ყველა სახელმწიფო დაწესებულება ბლოკირებული იქნება. კიევის ცენტრში ძირითად სამთავრობო შენობებთან ბარიკადების აღმართვა დემონსტრანტებმა გვიან ღამით დაიწყეს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, სამთავრობო შენობების ბლოკირების აქცია სრულიად კანონიერია, ისინი მოსახლეობას სამთავრობო უბნის სრული პიკეტირებისკენ მოუწოდებენ. არსენი იაცენიუკის თქმით, ისინი ყოველდღიურად თითო დაწესებულების პიკეტირებას მოახდენენ.

"ჩვენ არ ველოდებით ძალისმიერ ქმედებებს. ჩვენ მშვიდობიანად ვიქცევით, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას, ჩვენ გამოვაცხადეთ კიევის ცენტრში ფეხით მოსიარულეთა ზონა, ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ყველას, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებს, თავისუფლად შევიდნენ დაწესებულებებში, უბრალოდ, სახელმწიფო მანქანებით ნუ ისარგებლებთ. პირველ რიგში, ბიუჯეტში ფული არ არის და მეორეც, კიევი უფრო სუფთა იქნება. ვიქტორ იანუკოვიჩისგან გადაწყვეტილების მიღებას ვითხოვთ, ორი კვირა გავიდა უკვე, დამალვა არ შეიძლება, ჩვენ ძალიან ზუსტი გეგმა შევთავაზეთ, პრეზიდენტისგან კი არანაირი გეგმა არ არსებობს, მას მხოლოდ ერთი გეგმა აქვს - ან გაგვყინოს ან გამოვიდეს პოლიციით და დაგვარბიოს, არცერთი ვარიანტი არ მუშაობს", - აცხადებს იაცენიუკი.

ბარიკადების გამაგრების მიუხედავად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დემონსტრანტებმა ახალგაზრდა, რომელმაც სპეცრაზმელებს მაშხალა ესროლა, დააკავეს და პოლიციას გადასცეს.

კომენტარები