საპროტესტო აქციები კიევში

მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში იმყოფება. როგორც სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, ის უკრაინაში ევროპარლამენტარების ჯგუფთან ერთად ჩავიდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე შეხვდა უკრაინის ოპოზიციის ლიდერს ვიტალი კლიჩკოს.

მიხეილ სააკაშვილი ხვალ, კიევის დროით 14 საათზე ევრომაიდანზე მივა. შემდეგ კი, ოპოზიციის შტაბში ბრიფინგს გამართავს. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. 

16 დღეა, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. უკრაინელებმა დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ბოლო ინფორმაციით, ოპოზიციამ ხუთი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დემონსტრანტთა დარბევაში მონაწილეთა დასჯა, მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.

კომენტარები