ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი ქალაქ დნიპროდან, ვადიმ ერმოლაევი და მისი ცოლი 29 ივნისს მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდნენ და კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.
დაშავდა მესამე ადამიანიც, რომელიც ცოლ-ქმრის 13 წლის შვილია. მისი მდგომარეობა საშუალო სირთულისაა.
შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს მამაკაცი, რომელმაც საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან ზურგჩანთა დატოვა და გაიქცა ფრანგული ქალაქ ბოსოლეის მიმართულებით. აფეთქება მოხდა მაშინ, როცა შენობაში ადამიანები შედიოდნენ. სამართალდამცველები ადგენენ, იყვნენ თუ არა უკრაინელები თავდასხმის სამიზნეები.
მონაკოს ხელისუფლების ხელმძღვანელის, კრისტოფ მირმანის თქმით, ეს, რამდენადაც თავად იცის, მონაკოში "პირველი მსგავსი შემთხვევაა". მომხდარს მან "შესაძლო ტერაქტი" უწოდა.
ვადიმ ერმოლაევი სავაჭრო კორპორაცია "ალეფის" დამფუძნებელი და დნიპროში სამშენებლო ბიზნესის უმსხვილესი წარმომადგენელია. წარსულში ის რეგულარულად ხვდებოდა Forbes-ის 100 უმდიდრესი უკრაინელის სიაში, თუმცა შემდეგში მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და კვიპროსის პასპორტი აიღო.
2023 წელს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიიღო ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, დაწესებულიყო 10-წლიანი პერსონალური სანქციები ერმოლაევის წინააღმდეგ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მიზეზი ოკუპირებულ ყირიმში მისი ალკოჰოლის ბიზნესი იყო. ერმოლაევის კომპანია რუსეთის ფედერაციას გადასახადებს უხდიდა.
ამასთან ერთად, ერმოლაევი იყო უკრაინული მედია Українська правда-ს გამოძიების ფიგურანტი. გამოძიება ეხებოდა უკრაინელ ბიზნესმენებს, ოლიგარქებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დროს საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე დასახლდნენ.




