საპროტესტო აქციები კიევში

უკრაინის ოპოზიცია ხუთ ძირითად მოთხოვნას აყენებს

facebook.com/EuroMaydan

უკრაინის ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. მომიტინგეებს გეგმა საპარლამენტო ფრაქცია ბატკივშჩინას ლიდერმა არსენი იაცენიუკმა გააცნო. ოპოზიცია ხუთ ძირითად მოთხოვნას აყენებს - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დემონსტრანტთა დარბევაში მონაწილეთა დასჯა, მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.

"ჩვენ ერთად ვდგავართ და ძალების გაერთიანებით შევძლებთ გამარჯვებას. უკრაინა გახდება ევროპული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლა, სანამ ის ძალაუფლებას არ დათმობს. თუ პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს შეთანხმებას, მაშინ შეთანხმებას ნამდვილად მოაწერს ხელს ახალი პრეზიდენტი", - აცხადებს ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო.

ოპოზიციონერების თქმით, სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათთვის კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად. გეგმის მიხედვით, ასევე უნდა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო უფლებების დამცავი ეროვნული კომიტეტი. ფრაქცია თავისუფლების ლიდერის ოლეგ ტიაგნიბოკის განცხადებით კი, ოპოზიცია კიევის დამოუკიდებელ სამმართველოს ჩამოყალიბებას იწყებს. ასევე, გაგრძელდება სამთავრობო შენობების პიკეტირებები.

"ჩვენ გავაგრძელებთ სასამართლოებისა და პროკურატურის ბლოკირებას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ხმა შეისმინონ და ყოველდღიურად მეტი და მეტი ვიქნებით. მთელი უკრაინა ერთად დადგება, რადგან მას არ სურს ამ ხელისუფლების პირობებში ცხოვრება, უკრაინელი ხალხი აჩვენებს მათ, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა. დიდება უკრაინას!" - თქვა კლიჩკომ. 

აქციაზე უკრაინის ექსპრემიერ ტიმოშენკოს ქალიშვილიც მივიდა და დემონსტრანტებს მიმართა. მან ტიმოშენკოს სახელით, აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.

"მთელმა მსოფლიომ გვაღიარა, როგორც მშვიდობიანი ხალხი და რომ ჩვენი პროტესტი თავისუფალია. მე ვესაუბრები ევროპელ ლიდერებს, რომლებიც გვპირდებიან, რომ აქციაზე ხალხისა და ბავშვების ცემისთვის პასუხისმგებელი ადამიანები დაისჯებიან", - განაცხადა ევგენია ტიმოშენკომ. 

მე-16 დღეა, კიევში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეები სხვადასხვა სამთავრობო შენობების პიკეტირებას ახდენენ. უკრაინის სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, კიევში ადმინისტრაციული შენობების პიკეტირება ხუთ დღეში უნდა შეწყდეს. ოპოზიციის განცხადებით, ისინი პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ, რადგან აქციები მშვიდობიანი ხასიათისაა.

კიევში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა. 

კომენტარები