საპროტესტო აქციები კიევში

მომიტინგეებმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობა დაბლოკეს

საპროტესტო აქციები კიევში მე-15 დღეა გრძელდება. მომიტინგეები სხვადასხვა სამთავრობო შენობის პიკეტირებას ახდენენ და დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლებასა და აქციის დარბევაში მონაწილეთა დასჯას ითხოვენ.

როგორც ტაბულას ჟურნალისტი კიევიდან იტყობინება, მომიტინგეებმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობის ბლოკირებაც შეძლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა რადას ტრიბუნა დღესაც დაბლოკეს და რეგიონების პარტიის დეპუტატებს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. პარალელურად, ათასობით ადამიანი რადას შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა, კიევში მასობრივი სპროტესტო აქციები დაიწყო. სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა ხელკეტები. პოლიციის და აქციის მონაწილეების შეტაკებისას, რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინელები პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. უკრაინის რადამ განიხილა აზაროვის მთავრობის გადაყენების საკითხი, თუმცა, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ მოგროვდა.

კომენტარები