შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს უამინდობის გამო თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდის, კობი-გუდაურის უღელტეხილებზე.
"ამ დროისათვის, ამ მიმართულებებზე გადაადგილება შეზღუდულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის. ხვალ დღის საათებში მოძრაობა დასაშვები იქნება მსუბუქი ავტომობილებისთვის მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება" - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხევთან მოცურებულმა ტრაილერმა რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეაფერხა. უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს. ქარის და დაბალი ხილვადობის გამო, საგზაო სამსახურებს უწევთ გზის ინტენსიურად გაწმენდა და მარილის დაყრა.
აჭარის რეგიონში კი ძლიერი წვიმა და ქარია. 4-ბალიანი შტორმია ზღვაზე. სანაპირო ზოლზე ამინდი დილის 5 საათისთვის გაუარესდა და იქ მთელი ღამის განმავლობაში მაშველები პატრულირებდნენ. მათი ინფორმაციით, სტიქიას ჯერჯერობით სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია, თუმცა მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. უსაფრთხოების მიზნით, ღია ზღვაში მყოფი გემები ბათუმის იახტ კლუბში გადაიყვანეს.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ქედაში სოფელ ზვარეში. მიწის მასის ქვეშ მიკროავტობუსი მოყვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყერის შედეგად, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
დილიდან გადაუღებლად თოვს ხულოსა და შუახევში. უამინდობაა ფოთშიც. ქალაქში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ფოთის რამდენიმე უბანს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. შემთხვევის ადგილზე ენერგო პრო ჯორჯიას ჯგუფები მუშაობენ.
გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა თბილისში, სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მარიამ სხილაძის თქმით, ქარმა სამშენებლო მასალის ნაწილი ჩამოყარა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შენობა დღეს დაიკეტა.




