საპროტესტო აქციები კიევში

ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლებას და დემონსტრანტებს თავშეკავებას სთხოვს

ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლებას და დემონტრანტებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა.

"საპროტესტო აქციები მშვიდობიანი უნდა იყოს, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს უთანხმოების მშვიდობიანად აღმოფხვრისკენ და საკითხების ღიად განხილვისკენ, რათა საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ", - ამბობს კოსიანჩიჩი.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზოც. მისი თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით.

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ თავისუფლებებს და ხალხის უფლებას - მოაწყონ მშვიდობიანი დემონსტრაციები. ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ დემონსტრანტებს თავშეკავებისკენ. თუმცა, ეს ყველაფერი შედეგია იმისა, რომ უკრაინაში ბევრია უკმაყოფილო ვილნიუსის სამიტის შედეგებით", - განაცხადა ბაროზომ და იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი გაგრძელდება და საკითხები უკრაინელებისთვისაც და ევროკავშირისთვისაც სასიკეთოდ გადაწყდება.

უკრაინაში უკვე რამდენიმე დღეა აქციები მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იმართება. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა გახდა.

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 1 დეკემბერს სპეცრაზმთან შეტაკების შემდეგ სამედიცინო დახმარება 165 ადამიანს დასჭირდა, 109 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

კიევში გასულმა ღამემ მშვიდად, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, ოპოზიციის ლიდერთა მოწოდების შემდეგ, რამდენიმე ათასმა აქტივისტმა დღეს გამთენიისას სამთავრობო შენობების ბლოკირება დაიწყო.

უკრაინის პოლიციამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრილებს შენობების დასაცლელად რამდენიმე საათი მისცა.

კომენტარები