საპროტესტო აქციები კიევში

ბაქრაძე: საქართველოს ბედი მნიშვნელოვანწილად უკრაინაში წყდება

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მიდინარე მოვლენები ნორმალურად განვითარდეს და უკრაინელმა ხალხმა ევროპის პერსპექტივა არ დაკარგოს.

"რაც დღეს უკრაინაში ხდება, გასაზღვრავს იმას, რა მოხდება მომავალი წლის განმავლობაში საქართველოში. უკრაინის წარმატება ნიშნავს სამეზობლო პოლიტიკის წარმატებას, ნიშნავს ევროკავშირის აღმოსავლეთ მიმართულების წარმატებას და ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდება და იძულებული იქნება, უარი თქვას სხვა ქვეყნებზე იმავე მიზეზით და იმავე მიზნით ზეწოლაზე. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მოვლენები მიდიოდეს ნორმალურად, უკრაინელმა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის პერსპექტივა და მოხდეს ის, რისთვისაც დღეს ათიათასობით და ასიათასობით ადამიანი გამოდის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ მიეცეს უკრაინის ევროპისგან იზოლირების საშუალება. თუ ეს მოხდა დღეს უკრაინაში, ხვალ ძალიან დიდი ალბათობით, რუსეთი ამას ეცდება საქართველოში. ჩვენთვის შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბედი მნიშვნელოვანწილად უკრაინაში წყდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ მარნეულის საავიაციო ბაზაზე, სადაც თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანისთან და პარლამენტარებთან ერთად იმყოფებოდა. 

უკრაინაში უკვე რამდენიმე დღეა აქციები მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იმართება. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა გახდა.

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 1 დეკემბერს სპეცრაზმთან შეტაკების შემდეგ სამედიცინო დახმარება 165 ადამიანს დასჭირდა, 109 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

კიევში გასულმა ღამემ მშვიდად, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, ოპოზიციის ლიდერთა მოწოდების შემდეგ, რამდენიმე ათასმა აქტივისტმა დღეს გამთენიისას სამთავრობო შენობების ბლოკირება დაიწყო.

უკრაინის პოლიციამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრილებს შენობების დასაცლელად რამდენიმე საათი მისცა.

 

კომენტარები