საპროტესტო აქციები კიევში

უკრაინული ინტერნეტპროვაიდერები დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ

უკრაინული საინფორმაციო სამსახურების ცნობით, ინტერნეტპროვაიდერმა "ვოლიამ" კიევის ცენტრში მცხოვრებლებს wi-fi ინტერნეტზე დამცავი პაროლების მოხსნა სთხოვა. პროვაიდერმა კიევის ცენტრში მცხოვრებ საკუთარ მომხმარებლებს ინტერნეტის სიჩქარე მაქსიმალურად გაუზარდა და მოუწოდა, რომ ინტერნეტსიგნალს დამცავი პაროლი მოხსნან, რათა დემონსტრანტებს ინტერნეტზე უფასო წვდომით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ.

"ჩვენ მოწმენი გავხდით ძალისმიერი ქმედებებისა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. იმისათვის, რომ ხალხს აქციის დროს საშუალება ჰქონდეს განახორციელოს სასწრაფო ზარები და ოპერატიულად დაუკავშირდეს ახლობლებს, ჩვენ 1-2 დეკემბერს ინტერნეტის მაქსიმალურ სიჩქარეს მოგაწვდით", - ნათქვამია პროვაიდერის განცხადებაში.

ინტერნეტპროვაიდერმა "ბროვისმა" კი, სპეცდანიშნულების რაზმ "ბერკუტს" ინტერნეტმომსახურება შეუწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა სვიტოდორ ჩორნოტამ განაცხადა.

"ბოლო დროს მაიდანზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუწყვიტოთ ინტერნეტმომსახურება "ბერკუტს". ვწუხვარ, რომ არ შეგვიძლია შუქი და წყალიც შევუწყვიტოთ", - თქვა ჩორნოტამ. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. პირველ დღეებში, დემონსტრანტები მთავრობისგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდნენ, ახლა კი, მოთხოვნები მთავრობის გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნაში გადაიზარდა. პოლიციელების და აქციის მონაწილეების შეტაკების შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. 

კომენტარები