საპროტესტო აქციები კიევში

უსუფაშვილი: არასწორია, რომ თუ უკრაინა შეფერხდება, საქართველო ამით იხეირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, შეუძლებელია საქართველოსთვის კარგი იყოს ის, რაც არ არის კარგი უკრაინისათვის. უსუფაშვილის განცხადებით, არასწორია ხედვა, რომ თუ უკრაინა შეფერხდება, საქართველო ამით იხეირებს.

"თანამედროვე დემოკრატიული სამყარო დაფუძნებულია ისეთ პრინციპებზე, რომლითაც ყველამ თანაბრად უნდა ისარგებლოს. ერთი მხრივ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა ევროკავშირი სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს ცალ-ცალკე აწარმოებდა და ეს არ იყო კოლექტიური შეთანხმებები. მაგრამ უკრაინასთან, მოლდოვასთან და სხვა აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ გაცილებით ძლიერი ვიქნებით ამ პროცესში", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. პირველ დღეებში, დემონსტრანტები მთავრობისგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდნენ, ახლა კი, მოთხოვნები მთავრობის გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნაში გადაიზარდა. პოლიციელების და აქციის მონაწილეების შეტაკების შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. 

კომენტარები