საპროტესტო აქციები კიევში

ფანჯიკიძე: საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერაფერი ვერ მოახდენს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერაფერი მოახდენს, მათ შორის, ვერც კიევში მიმდინარე პროცესები. როგორც ფანჯიკიძემ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჟურნალისტებს უთხრა, იმედი აქვს, რომ კიევში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. 

"იმედია, ორივე მხარე ეცდება, რომ პრობლემა ძალის გამოყენების გარეშე მოაგვაროს. ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც უკრაინაში ხდება, რადგან არიან დაშავებულები და ამან მასშტაბური ხასიათი მიიღო. ერთადერთი, რისკენაც ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ დემონსტრანტებს და მთავრობას, არის ის, რომ დიალოგით, ძალის არგამოყენებით მივიდნენ კონსენსუსამდე", - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, სადაც სუამის სააპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის მიემგზავრება კიევში, სადაც ეუთოს მინისტერიალი იმართება. ფანჯიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ კიევში განვითარებული მოვლენები მინისტერიალის ჩატარებას ხელს არ შეუშლის. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. პირველ დღეებში, დემონსტრანტები მთავრობისგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდნენ, ახლა კი, მოთხოვნები მთავრობის გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნაში გადაიზარდა. პოლიციელების და აქციის მონაწილეების შეტაკების შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. 

კომენტარები