საპროტესტო აქციები კიევში

უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

საპროტესტო გამოსვლები კიევში გრძელდება. დემონსტრანტებმა დღეს მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. სამთავრობო შენობასთან ათასამდე მომიტინგეს სპეცრაზმელები დახვდნენ.

მინისტრთა კაბინეტში შესვლას ოპოზიციის ლიდერები შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, შენობის შესასვლელები რემონტის საბაბით არის დაკეტილი და დეპუტატებმა შიგნით შესვლა ვერ შეძლეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით ისინი აუცილებლობის შემთხვევაში რადიკალური ზომებს მიიღებენ.

”ჩვენ იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ მზად ვართ აუცილებლობის შემთხვევაში რადიკალური აქციებისთვის. და ჩვენ კარგად გვესმის, რომ სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლაა. ჩვენ ხელსუფლებაში სხვა ხალხი გვჭირდება. რადგან ამ მთავრობას ქვეყანა  გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს” -  განაცხადა პარტია Свобода-ს ლიდერმა ოლეგ ტიაჰნიბოკმა.

ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს განუცხადეს, რომ ვილნიუსის სამიტზე სპეციალურ დელეგაციას მიავლენენ, რათა ევროპას უკრაინელების პოზიცია გააცნონ.

დემონსტრანტებს  ქვეყნის პრემიერმინისტრმა უპასუხა და ოპოზიცის პროვოკაციებში დაადანაშაულა.

ღამით  დემონსტრანტებმა, რომლებიც  ორ ადგილას - დამოუკიდებლობის მოედანზე და ევროპის მოედანზე იყვნენ შეკრებილი, იულია  ტიმოშენკოს მოწოდებით ერთ ადგილას - მაიდანზე  გაერთიანდნენ. თანაც, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი თქვეს  პარტიული სიმბოლიკის გამოყენებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და ხელისუფლების გადაწყვეტილების მოტივებზე ისაუბრა. როგორც  ვიქტორ იანუკოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა, ევროკავშირი უკრაინას დახმარების სახით მხოლოდ 610 მილიონ ევროს სთავაზობდა, რაც ზარალის კომპენსირებისთვის არასაკმარისი იყო. მან ასევე განაცხადა, რომ მიესალმება ხალხის გამოსვლას და აზრის გამოხატვას, თუმცა პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემით სპეკულირებას გმობს.

”ჩვენ სერიოზული ქვეყანა ვართ, ევროპული ქვეყანა. როდესაც სავალუტო ფონდი გვეუბნება, გაზარდეთ მოსახლეობისთვის გადასახადები და გაყინეთ ხელფასები და პენსიები, ამას როგორ დავთანხმდებოდი?   სწორედ ამიტომ ჩვენ ჩვენს საკუთარ გზას მივყვებით, რათა ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს.  ჩვენ ევროკავშირთან შეთანხმებას მხოლოდ ნორმალური პირობებით გავაფორმებთ და არ ვიცი ეს როდის შეიძლება მოხდეს” - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.  

 

კომენტარები