ღარიბაშვილის ინტერვიუ

ღარიბაშვილი: საქართველო ნაკლებად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე უკრაინა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააგენტო როიტერთან ვილნიუსის სამიტსა და რუსეთის მხრიდან საქართველოზე შესაძლო ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

"მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზული ზეწოლა იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. როგორც იცით, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემები და კონფლიქტები რუსებთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ამიტომ, ამ მომენტისთვის მე რეალურ რისკებს ვერ ვხედავ", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკა უკრაინასთან შედარებით მცირეა, მაგრამ ევროკავშირისთვის ის მაინც მნიშვნელოვანია, რადგან აქ გადის მილსადენები, რომელთა მეშვეობითაც კასპიის ნავთობი და გაზი ევროპას მიეწოდება. "საქართველო ნაკლებად დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ როცა უკრაინა ძალიან დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე, სწორედ ამიტომ ეს სხვადასხვა ამბავია".

პრემიერმინისტრის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ინიცირებით საქართველოს უზარმაზარი შესაძლებლობები გაუჩნდება. ირაკლი ღარიბაშვილმა წინა მთავრობის საქმიანობაზეც ისაუბრა.

"ჩვენ არ შეგვიძლია, გავიმეოროთ წინა ხელისუფლების შეცდომები. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რომ როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ 2004 წელს, მათ ათიათასობით ადამიანი დააპატიმრეს. მე შეგახსენებთ, რომ მათ 9 წლის განმავლობაში 300 000 ადამიანზე სასამართლო დევნა განახორციელეს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები