ღარიბაშვილის ინტერვიუ

ღარიბაშვილი: ნაციონალურ მოძრაობას არ აქვთ მორალური უფლება, შეკითხვა დაგვისვან

ნაციონალურ მოძრაობას არ აქვთ მორალური უფლება ჩვენ რაიმე შეკითხვა დაგვისვან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ნეპოტიზმსა და კორუფციულ სქემებზე კომენტირებისას განაცხადა.

"ეს ბრალდება, რომელიც მომდინარეობს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ჩემთვის არის, რა თქმა უნდა, სასაცილო და მიუღებელი და აბსურდული, მაგრამ იმისათვის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს არ გაუჩნდეს ჩემს ან ჩემს ოჯახის ან გუნდის მიმართ კითხვა, მათთვის განვმარტავ: მე აბსოლუტურად გამჭვირვალე ცხოვრების წესი მაქვს - ჩემს ირგვლივ აბსოლუტურად ყველაფერი არის გამჭვირვალე, არაფერი არ არის დაფარული. ასე ვმუშაობდი ბატონ ბიძინასთან, ასეთი ცხოვრების წესი მაქვს - თუ რამე გამაჩნია, ყველაფერი არის გაცხადებული და საჯარო და თუ ოდესმე მექნება დასამალი, მე დავიხურავ ქუდს და წავალ. მე არცერთი კითხვის არ მეშინია. მოვედი სუფთა ხელებით და სუფთა ხელებით მინდა, წავიდე და ისე ვემსახურო ჩემს ხალხს და ქვეყანას, რომ არცერთი შეკითხვა არ დავტოვო" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, გიორგი ზედელაშვილის ოჯახსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ის განსხვავებაა, რომ მათ ეს კაპიტალი დააგროვეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო ზედელაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, კაპიტალი უკვე ჰქონდა.

"კომპანია ეკუთვნის ზედელაშვილი გიორგის ოჯახს, რომელიც მე დავნიშნე თანამდებობაზე. მისმა მამამ, როგორც მე მითხრეს, ეს კომპანია შეიძინა 2000 წელს და ბოლო 5 წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 60 მილიონი. ბოკერიაზე მოვისმინე, რომ მის მამის კომპანიას აქვს 25 მილიონი ბრუნვა, თარგამაძეს - 65, მერაბიშვილს - 300 და უფრო მეტი, მილიარდნახევრიანი ბრუნვა აქვს კეზერაშვილს. სერპანტინი გასულ წლებშიც წარმატებით ოპერირებდა - ნაციონალები მათაც მშვენივრად ატერორებდნენ. წელს 7 პროექტში გაუმარჯვია და 4 წაუგია - სად არის აქ უპირატესობა?" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები