ღარიბაშვილის ინტერვიუ

ღარიბაშვილი: სააკაშვილი გახდა ძალიან კომიკური პერსონაჟი

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

სააკაშვილი ვეღარ იქნება ზე-ადამიანი და პრივილეგირებული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ყველა დაისჯება ვინც კანონი დაარღვია. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნის პოლიტიკაში რადიკალიზმის დრო აღარ არის.

"ფრანს 24-მა მკითხა, გამოირიცხება თუ არა სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა და მე პასუხი ვუთხარი შემდეგი:  ჩვენი პრინციპი არის, არავინ არ დგას და არ იდგება კანონზე მაღლა. ეს არის ძალიან მტკიცედ ნათქვამი სიტყვები, რომ არცერთი თანამდებობის პირი - იქნება ეს ყოფილი თუ არსებული თუ მომავალი - არ იქნება კანონზე მაღლა", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, თუ თვითონ დაარღვევს კანონს, ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე დაისჯებოდა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპის და ამერიკის ბიზნესწრეებში სააკაშვილით იმედგაცრუებულები არიან. "ყველას სჯეროდა და მოვიდა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ვარდები რევოლუციის შემდეგ, მაგრამ შემდეგ წაიყვანეს სულ სხვა მიმართულებით ქვეყანა. ეს იყო ჩემი და ყველა იმ მოქალაქის იმედგაცრუება, ვისაც სჯეროდა, რომ სააკაშვილი ააშენებდა დემოკრატიას საქართველოში. აბსოლუტურად ანალოგიური განწყობა არის ევროპაში და მთელ მსოფლიოში სააკაშვილის მიმართ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილი მიუნჰენის კონფერენციაზე არავის მიუწვევია და მაინც ჩავიდა, რომ ჟურნალისტებისთვის ინტერვიუები დაერიგებინა. "სააკაშვილი ძალიან კომიკური პერსონაჟი გახდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით,  ევროპაში და ამერიკაში საქართველოს მიმართ განწყობა შეიცვალა. "მათ ნახეს, რომ რადიკალური პოლიტიკა აღარ არის წარმოებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ყველა დაიღალა ამ რადიკალიზმით. შესაბამისად, განწყობაც არის აბსოლუტურად ადეკვატური" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები