ვილნიუსის სამიტი

ვაშაძე: ყველაზე მძიმე პერიოდი ვილნიუსის სამიტიდან ხელმოწერამდე იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი ვილნიუსის სამიტიდან შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდი იქნება. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

”პარაფირებას ხელმოწერა სჯობდა, რა თქმა უნდა, მაგრამ არც პარაფირებაა ცუდი, იმიტომ, რომ საქართველოს ევროპის კავშირთან ექნება ფუნდამენტალური საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი შეთანხმებული. ეს ჩვენთვის მართლა დიდი მიღწევაა. მთავარი უკვე ვილნიუსის სამიტიც აღარ არის, ვილნიუსის სამიტი არის სუფთა ფორმალობა, პროტოკოლური ღონისძიება. არაფერი იქ მნიშვნელოვანი არ მოხდება. გარდა იმისა, რომ ფორმალურად დასრულდება ის აქტი, რასაც პარაფირება ჰქვია.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძნელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ვილნიუსის სამიტიდან თეორიულ ხელმოწერამდე. აი, ეს მართლა ძალიან მძიმე პერიოდი იქნება და რატომ იქნება, თქვენ თვითონ ნახეთ ხურვალეთთან და დვანთან.

გამოდიხარ და უმწეოდ იმეორებ, რომ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ. ერთი განცხადება მაინც გააკეთოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა ან პრეზიდენტმა, რუსეთს აშინებს მხოლოდ იმის შიში, რომ არ აღმოჩნდეს საერთაშორისო იზოლაციაში ჯერჯერობით. და თუ ევროკავშირი, NATO და ჩვენი ყველაზე ძლიერი მოკავშირეები გაჩუმებულები არიან და, რაც მთავარია, შენ ხარ გაჩუმებული. შენ თუ ხარ გაჩუმებული, ისინი რატომ ილაპარაკებენ. არ ავყვეთ პროვოკაციას, მე არ მესმის, ეს რას ნიშნავს. პროვოკაციას აყოლილი ხარ, იმიტომ, რომ შენს ტერიტორიაზე ხდება მავთულხლართების გაბმა, შენი მოქალაქეების გატაცება და შენი სუვერენული ტერიტორიის მიტაცება. უკრაინის დეკლარაციის არ იყოს. ამ დეკლარაციაში რუსეთი არ უნდა ვახსენოთო. აბა, ეს ვის სჭირდება, მე არ მესმის. უკრაინამ იცის, რომ ჩვენი მეგობარია. ჩვენც ვიცით, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარია. მაშინ ამ დეკლარაციაში დასაფიქსირებელი რა არის. გარდა იმისა, რომ რუსეთი ყველა ხერხით ცდილობს, შეაჩეროს ევროპის კავშირის გაფართოება პოსტსაბჭოთა სივრცეზე”, - თქვა ვაშაძემ.

 

კომენტარები