ვილნიუსის სამიტი

ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა

იულია ტიმოშენკო

უკრაინის ექსპრემიერმა იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ განაცხადა. ტიმოშნეკოს მთავარი მოთხოვნაა, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას.

"ვამაყობ, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ერის ნაწილი ვარ, რომელმაც შეძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება და მისი შენარჩუნება. რომელმაც გაუძლო ჰოლოდომორს და საბჭოთა წამებას, მაინც შეძლო და გაიმართა, მოიპოვა თავისუფლება ნარინჯისფერი რევოლუციის დროს და დღეს კიდევ გამონახა ძალა, რომ ყველა ევროპულ მოედანზე შეიკრიბოს და ისევ გაიმარჯვოს", - განაცხადა ტიმოშენკომ.

უკრაინის ექსპრემიერმა წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ თვითონ არ შეუძლია შეუერთდეს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ევროპულ მოედნებზე გამოხატულ პროტესტს. როგორც ტიმოშენკოს ადვოკატმა განაცხადა, ტიმოშენკომ მის ხელთ არსებული ნაჭრებისგან ევროკავშირის დროშა გააკეთა და ხარკოვში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოკიდა.

კომენტარები