საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი მიიჩნევს, რომ მეორედ მოსვლისას ერები ქართული ენით განიკითხებიან

გიორგობის წირვის შემდეგ წარმოთქმული ქადაგებისას, დღეს 23 ნოემბერს, სვეტიცხოველში, კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ლოცვებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვიბრუნდება.

"უნდა გადავხედოთ რა არის ჩვენი ცხოვრება, ვინ ვართ ჩვენ, რა გაგვაჩნია, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს. საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა და ეს უმთავრესად სულიერებაში გამოიხატება. ჩვენი ენა, კულტურა, სარწმუნოება, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო შეინარჩუნებს ამას", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა. 

მისივე თქმით, იოანე ზოსიმეს ტყუილად არ უთქვამს, როცა განაცხადა, რომ ”ამასა ენასა შინა დამარხულ არს”. ილია მეორე მიიჩნევს, რომ როგორც ლაზარე აღდგა მკვდრეთით, მეორედ მოსვლის ჟამს ისე აღსდგება საქართველო და მისი კულტურა.

”ერები განიკითხებიან ქართულითა ენითა. რით დაიმსახურა საქართველომ ეს? დაიმსახურა იმით, რომ მთელს მსოფლიოში დაკნინდება ჭეშმარიტი სარწმუნოება, საქართველო გაბრწყინდება და ეს იქნება ჯილდო ღვთისაგან", - თქვა ილია მეორემ.

კომენტარები