სოჭის ოლიმპიადა

ფანჯიკიძე: სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა გადაწყვეტილია

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მაია ფანჯიკიძის თქმით, სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა გადაწყვეტილი საკითხია. თუმცა, შესაძლოა, ის გადაიხედოს.

"ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოვლენები საქართველოსთვის შეურაცხმყოფლად განვითარდება, ან თუ მოხდება ისეთი რამ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლება, რომ გადაიხედოს", - თქვა ფანჯიკიძემ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

რაც შეეხება ოლიმპიადაზე საქართველოდან სახელისუფლებო დელეგაციის ჩასვლის საკითხს, ფანჯიკიძის თქმით, აღნიშნული თემა გუნდში განხილვის საგანი ჯერ არ ყოფილა.

მაია ფანჯიკიძეს ამ დროისთვის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. მასთან ერთად მიმდინარეობს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატების - კონსტანტინე სურგულაძის და ალექსანდრე პეტრიაშვილის მოსმენა.

კომენტარები