ვილნიუსის სამიტი

მერკელი: რუსეთი ვალდებულია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივი სცეს

dw.de

ცივი ომი ყველასთვის უნდა დამთავრდეს, რუსეთმა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს, - ამის შესახებ ანგელა მერკელმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თავის პირველი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

გერმანიის კანცლერი რუსეთისგან მოითხოვს, არ ჩაერიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების შიდა პოლიტიკაში და მისცეს სახელმწიფოებს საშუალება, თავად გააკეთონ არჩევანი, სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება.

მერკელმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის წინაამდეგ კამპანია არ არის და, პირიქით, რუსეთის ევროპასთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირთან ურთიერთობა უკრაინის პრეზიდენტის ხელშია. იანუკოვიჩი ვალდებულია, იულია ტიმოშენკოს ქვეყნის დატოვების და გერმანიაში სამკურნალოდ გამზავრების უფლება მისცეს. უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას სხვა შემთხვევაში ვერ გააფორმებს. ექსპერტების აზრით, სამშაბათი ბოლო ვადაა უკრაინის პარლამენტისთვის, რომ ტიმოშენკო გაუშვას.

მერკელმა სიტყვით გამოსვლისას შეაქო მოლდოვა, რომელმაც რუსეთის ზეწოლისა და ღვინის ემბარგოს მიუხედავად, ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე უარი არ თქვა. მოლდოვის საპირისპიროდ, რუსეთის ზეწოლას ვერ გაუძლო და ევროკავშირზე უარს ამბობს სომხეთი.

გერმანიის კანცლერმა საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი გზით მთავრობის შეცვლა და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები გარანტია იმისა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენს. 

კომენტარები